ღარიბაშვილი: რეზოლუციაში მორიგი მზაკვრობა არის ჩადებული

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი აფასებს რუსულ კანონთან დაკავშირებით ამერიკელი სენატორების წერილს და ასევე ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციას.

ღარიბაშვილის თქმით, სენატორების წერილის შინაარსი და პათოსი არასწორი აღქმებიდანაა განსაზღვრული. ის ამბობს, რომ საჭიროა ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან კომუნიკაცია.

„ჩემი სურვილია, რომ ჩვენ ნაკლები გაუგებრობები გვქონდეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან და თუ რაიმე ბუნდოვანება და გაუგებრობაა, ეს უნდა იყოს განხილული დახურულ კარს მიღმა. რაც შეეხება წერილს, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, ალბათ, არასწორი აღქმებიდან გამომდინარე არის ამ წერილის შინაარსი და პათოსი განსაზღვრული. საჭიროა გაგრძელდეს დიალოგი და კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან. უნდა დავარწმუნოთ ამერიკელი და ევროპელი მეგობრები, რომ აქ რაიმე უჩვეულოს საქართველო არ აკეთებს და არ არის გამიზნული, რომ საქართველომ გადაუხვიოს ევროინტეგრაციას და დემოკრატიის გზას, როგორი განცხადებებიც გაკეთდა, რომელიც საფუძველმოკლებულია“, – განაცხადა მან.

უფრო მწვავე იყო ევროპარლამენტის რეზოლუციის შეფასება.

ყოფილმა პრემიერმა თქვა, რომ ეს არის „მიუღებელი, უსამართლო და შეურაცხმყოფელი რეზოლუცია, რომელშიც მზაკვრობაა ჩადებული.“

„ამავე რეზოლუციაში მორიგი მზაკვრობა არის ჩადებული, მინიშნება, რომ შეიძლება გადაიხედოს უვიზო რეჟიმი. როგორ შეიძლება ასეთი ტონით საუბარი?“, – აცხადებს ის.

ღარიბაშვილის მტკიცებით, რუსული კანონით არ იცვლება ქვეყნის საგარეო კურსი და საფრთხე არ ემუქრება დემოკრატიას.

მისი თქმით, „500 თუ 450 პოლიტიკურად ანგაჟირებული დეპუტატი“ ევროპარლამენტის, როგორც მნიშვნელოვანი ინსტიტუციის დისკრედიტაციას ახდენს.