ღარიბაშვილი: როდესაც მთავრობისთვის კადრებს არჩევ, ბუნებრივია, უცხო ხალხს ვერ მიიყვან

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ გვერდზე 5-გვერდიანი წერილი გამოქვეყნდა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის შესახებ ჰყვება. წერილში ის 2012 წლამდე მოვლენებს და 2012 წლის შემდეგ მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებულ პროცესებს იხსენებს.

წერილში დასაწყისში ის ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან მის ურთიერთობებზე საუბრობს. მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კამპანია სრულიად დაუსაბუთებელია და საქართველოს მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად.

  • „რადგან პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ჩართულობის არავითარი ფაქტი არა აქვთ, ე.წ. ოლიგარქიული მმართველობის მთავარ „მტკიცებულებად“ იმ გარემოებაზე მიუთითებენ ხოლმე, რომ მე და ჩვენი პოლიტიკური გუნდის რამდენიმე მოწინავე წევრი პოლიტიკაში სწორედ მისი ლიდერობით მოვედით.“ – წერს ღარიბაშვილი.

მისი თქმით, ვახტან გომელაური მან მიიყვანა შს სამინისტროში მის მოადგილედ.

„2012 წელს ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა სამინისტროში მე მივიყვანე ჩემს მოადგილედ. ანზორ ჩუბინიძეც, უწესიერესი კაცი და პროფესიონალი სამართალდამცავი, 2012 წლიდან ჩაერთო სახელმწიფო სამსახურში. და პირველ რიგში იმ ადამიანებს ეყრდნობი, რომლებმაც შენთან ერთად უმძიმესი ბრძოლა გამოიარეს და თავის საქმეს მაღალი პროფესიონალიზმით გაართვეს თავი.

ამ თვალსაზრისით, ვახტანგ გომელაურიც და ანზორ ჩუბინიძეც გამორჩეულები იყვნენ და სწორედ ამის შედეგია, რომ მათ ხელისუფლებაში მაღალი პოზიციები ამდენი წლის განმავლობაში შეინარჩუნეს. რამდენიმე კვირის წინ, როდესაც ვახტანგ გომელაური პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარდგა, ოპოზიციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შესახებ ერთი გამართული შეკითხვაც კი ვერ დაუსვა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის თავის საქმეს საუკეთესოდ უძღვება.

იგივე უნდა ითქვას კიდევ ერთი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელზე, გრიგოლ ლილუაშვილზე, რომელიც 2011-2012 წლებში ბრძოლის წინა ხაზზე იდგა და დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ძალზე მაღალი პროფესიონალიზმით ხელმძღვანელობს.

როდესაც ჩვენი შიდა თუ გარე პოლიტიკური ოპონენტები დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ, ბუნებრივია, ეს ჩემთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია. კონსტიტუციური თეორიისა და პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო რესპუბლიკაში ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი პრემიერ-მინისტრია და ხალხის წინაშე მას ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთარი ფუნქცია ყოველგვარი ჭარბი გავლენისგან დამოუკიდებლად შეასრულოს. როდესაც ვიღაც ამტკიცებს, რომ პრემიერ-მინისტრი ფარსის ნაწილია და სინამდვილეში იმ ადამიანისგან იმართება, რომელმაც გასული წლის იანვარში პოლიტიკიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ეს არა მხოლოდ მე, არამედ სახელმწიფოსაც შეურაცხყოფს.

ბუნებრივია, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ამის მიზეზი მხოლოდ ის არაა, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენი პოლიტიკური გუნდის დამფუძნებელია.

მან 2011 წელს ქვეყნისთვის თავი გადადო და საქართველოს დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა, პოლიტიკიდან გასვლისას კი, სახელმწიფოს სამართავად სწორი ღირებულებები და თამაშის წესები დაგვიტოვა. ეს ღირებულებები და თამაშის წესებია სამშობლოს სიყვარული და კანონის პატივისცემა.

ამასთან, ამ ღირებულებებსა და თამაშის წესებს ჩვენ არ მივყვებით როგორც გუნდის ყოფილი ლიდერისგან თავს მოხვეულ მემკვიდრეობას. ისინი მთელი ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის სისხლხორცეულად მნიშვნელოვანი და ორგანულია.

ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულ ამ თამაშის წესებთან სრულიად შეუთავსებელია ყალბი ბრალდება ოლიგარქიული მმართველობის შესახებ, რომელსაც პოლიტიკური ოპონენტები, ერთი მხრივ, ბიძინა ივანიშვილს, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლებას უყენებენ.

საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ თავდაცვის, საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრების საკვანძო სამთავრობო პოზიციებს დღეს იკავებენ ადამიანები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი არც კი შეხვედრია და იცნობს. საპარლამენტო გუნდის ლიდერების დიდ ნაწილთან, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარესთან და არაერთი საკვანძო კომიტეტის ხელმძღვანელთან, ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების წინ მათი წარდგენის დღეს არის შენახვედრი. ასეთ დროს, საუბარი იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი მთავრობასა და პარლამენტს მართავს და აკონტროლებს, სრული ფარსი და აბსურდია.“ – წერს ღარიბაშვილი.