ღარიბაშვილი: როგორც კი გადასცეს ჩემი თხოვნა, მან იმავე წამს დავალება გასცა

პუბლიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომა საქართველოში ბოლო პერიოდი გაჩენილი ხანძრების შესახებ საუბრით დაიწყო. მისი თქმით, ხანძარი პრაქტიკულად ყველა რეგიონში იყო და „ძალიან საეჭვოც კია, რომ ერთდროულად ჩნდებოდეს ხანძარი რამდენიმე რაიონში, რეგიონში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი გომელაურის უწყებამ ეფექტიანად მართა კრიზისი. მოგეხსენებათ, რომ ჩემი გადაწყვეტილებით ჩართული იყო თავდაცვის ძალები და მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ჯარს, პოლიციას, სამაშველო სამსახურს. მე მინდა აქვე მადლობა გადავუხადო თურქეთის რესპუბლიკას და პირადად პრეზიდენტ ერდოღანს. მინდა გითხრათ, რომ როგორც კი მას გადასცეს ჩემი თხოვნა დახმარების თაობაზე, მან იმავე წამს დავალება გასცა და სულ რაღაც ერთ საათში ჰაერში იყო გამოგზავნილი სამი თვითმფრინავი. ჩვენ ამას ვაფასებთ და არ დავივიწყებთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი შესაძლო იყოს დივერსიაც „გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს. არაფრის გამორიცხვა არ შეგვიძლია, ვიცით რა ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალების ბუნება და დივერსიული მიდრეკილებები, არაფერია გამორიცხული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.