ღარიბაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა ჩაიდინა ღალატი

პუბლიკა

„ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი სალომე ზურაბიშვილს „ღალატში” სდებს ბრალს და აცხადებს, რომ ზურაბიშვილს კანდიდატის სტატუსის მისაღებად „არაფერი გაუკეთებია”.

„მე პირდაპირ ვიტყვი, ახლა უკვე ჩემს თავს მივცემ უფლებას, ვინაიდან აღარ ვარ მთავრობის ხელმძღვანელი და პარტიის ხელმძღვანელი ვარ. სალომე ზურაბიშვილმა ჩაიდინა ღალატი. ჩვენი პარტიის თითოეული წევრის თვალში და ჩვენი გადმოსახედიდან, იგი არ ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს. მან უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, არაერთგზის და სამწუხაროდ, აგრძელებს კონსტიტუციის დარღვევას.

რა შეიძლება ამაზე გიპასუხოთ, გარდა იმისა, რომ სირცხვილია – სირცხვილია ასეთი მოქცევა, ევროპაში გაზრდილი ქალბატონისგან და ჩვენი გუნდის, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის მიერ მოყვანილი პრეზიდენტისგან. ეს უნდა შევახსენო ქალბატონ სალომეს, რომ მისი რეიტინგი იყო ერთი პროცენტი.

მისი ვიზიტიც, რა თქმა უნდა, ამის კიდევ ერთხელ დადასტურებაა, ყველაფერი არის შეფარული. მისი კამპანიაც იყო ყალბი და ფარისევლური, მას არაფერი არ გაუკეთებია იმისთვის, რომ ქვეყანას მიეღო სტატუსი, მისი მიზანი იყო, რაიმენაირად წაეღო ეს დიდი მონაპოვარი სტატუსიც, რომელიც ჩვენ მოვიტანეთ ხალხისთვის, ხელისუფლებამ, ხალხთან ერთად. მაგრამ აქაც განიცადა ფიასკო”, – თქვა ღარიბაშვილმა.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 16 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. როგორც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გაემგზავრება, თუმცა მას მთავრობისგან თანხმობა არ მიუღია. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, კონფერენციაზე საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება, ხოლო მას ახალი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე არ დაესწრება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციიდან ოფიციალური მიწვევა მიიღო და მონაწილეობას გეგმავს.

ამასთან, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის 2024 წლის ანგარიშში, რომელიც საორგანიზაციო ჯგუფის მიერ ყოველწლიურად მზადდება, მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პრორუს ოლიგარქად არის მოხსენებული. ანგარიშში საუბარია, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელი ივანიშვილია.