ღარიბაშვილი: სოციალურად დაუცველებისთვის 20 ათასამდე ვაკანსიის მობილიზება შევძელით

პუბლიკა

მთავრობის სხდომის დაწყებამდე ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, პროგრამა 1 მარტიდან დაიწყო და უკვე მობილიზებულია 20 ათასამდე ვაკანსია. პრემიერს არ დაუკონკრეტებია, რომელ  სფეროებში მოხდა ვაკანსიების მობილიზება და სად დასაქმდნენ დაკონტრაქტებული პირები.

„ჩვენი გაცხადებული მიზანია ათიათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნა. მინისტრი აზარაშვილი აქტიურად ჩაერთო და, დღეის მდგომარეობით, 20 ათასი საზოგადოებრივი სამუშაო ვაკანსიაა დარეგისტრირებული. აქედან 15 ათასზე მეტი აპლიკაცია უკვე შემოსულია სოციალურად დაუცველებისგან და 3000 უკვე დაკონტრაქტებულია.

ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავზარდოთ მასშტაბი და პროგრამის დაწყებიდან 3 კვირაში ასეთი შედეგი მიუთითებს ამ პროგრამის მიმართ მაღალ ინტერესს. რაც შეიძლება მეტი სოციალურად დაუცველი უნდა ჩაერთოს ამ პროგრამაში, რომ მეტი შემოსავალი მიიღონ.“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.


 

საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრამის დაწყება ღარიბაშვილმა თებერვალში დააანონსა. მისი თქმით, სულ დაგეგმილია 200 ათასზე მეტი ადამიანის დასაქმება.

მთავრობის განმარტებით, 600 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქიდან 200 ათასი შრომისუნარიანი მოქალაქე არ არის ჩართული ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში და პროგრამის მიზანი მათი დასაქმებაა. მთავრობის განმარტებით, მოსარგებლის ოჯახს ოთხი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება საარსებო შემწეობა და პროგრამაში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს დამატებით მიეცემა 300 ლარი.

ეკონომიკის ახალი მინისტრის, ლევან დავითაშვილის განმარტებით, პროგრამაში დასაქმება ხელს შეუწყობს ადამიანების საბოლოოდ ინტეგრირებას შრომის ბაზარზე და საზოგადოებრივი სამუშაოს შეთავაზების საჭიროება აღარ იქნება.

„საბოლოოდ შეიქმნება შრომის ახალი კულტურა ადამიანთა იმ ჯგუფებში, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონიათ შრომის პრაქტიკა. ისინი ადვილად შეძლებენ ინტეგრირებას უფრო მაღალანაზღაურებად სამუშაოებზე. ბიუჯეტი 100-150 მილიონი ლარი შეიძლება იყოს მიმდინარე წლისთვის“. – განაცხადა ლევან დავითაშვილმა 14 თებერვალს.