ღარიბაშვილი თურქეთიდან: ყოვლად გაუმართლებელია ის ომი, რომელიც წამოიწყო რუსეთმა

პუბლიკა

„დღეს, 24 თებერვალს, 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დაიწყო ეს დამანგრეველი ომი უკრაინაში. ყოვლად გაუმართლებელია ის ომი, რომელიც წამოიწყო რუსეთმა. იცით, რომ ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ქართველი ხალხი გვერდში უდგას უკრაინელ ხალხს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკაში,  ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში პრეზიდენტ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველა ქვეყნის ლიდერის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ მსოფლიოში იყოს მშვიდობა.

„ჩვენ ვთანხმდებით, რომ ჩვენი ხედვა უნდა დაეფუძნოს გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევას, უკრაინაში, რაც იქნება წინაპირობა იმისა, რომ შეიქმნება მყარი საფუძველი მშვიდობიანი განვითარების. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ყველა ქვეყნის ლიდერის, რომ მსოფლიოში იყოს მშვიდობა და არ დავუშვათ ომების გაგრძელება, ეს უნდა იყოს ყველას მთავარი საზრუნავი.

იცით, რომ ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ქართველი ხალხი გვერდში უდგას უკრაინელ ხალხს. ჩვენ ათასობით უკრაინელს ვუმასპინძლეთ საქართველოში. მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ  ჩვენს უკრაინელ დებსა და ძმებს.

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. გვინდა, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს და აღდგეს მშვიდობა. ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ 400-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას მივუერთდით ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ყველა პლატფორმაზე გამოვუცხადეთ მხარდაჭერა ჩვენს უკრაინელ ხალხს. ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი, სწორდ ამ საკითხებზე გვქონდა საუბარი პრეზიდენტ ერდოღანთან,“ – აღნიშნა პრემიერმა.


უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ერთი წელი გავიდა. 24 თებერვალს, გამთენიისას, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსული არმია უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე მიმართულებიდან შეიჭრა, რის შემდეგაც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ომი დაიწყო.