ღარიბაშვილი უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან - სამადაშვილი

პუბლიკა

„ჩემი აზრით ღარიბაშვილი უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან და ეს არის არა მხოლოდ ოპოზიციის ინტერესებში, ეს არის სახელმწიფოს ინტერესებში, „ქართული ოცნების“ ინტერესებშიც არის ეს, რომ მათ ღარიბაშვილი რაც შეიძლება სწრაფად მოიშორონ თავიდან, ეს ჩანაწერები აფქტობრივად აშიშვლებს იმას, რომ ღარიბაშვილი უშუალოდ მონაწილეობდა საკუთარი თანამოქალაქეების, მცირეწლობანი ბავშვების დაშინების კამპანიაში. რა თქმა უნდა არავის არ აქვს ილუზია, რომ ხელისუფლება რამეს გამოიძიებს, მაგრამ ადრე თუ გვიან გამოძიბა შედგება“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, თუ არ მიიღებს გადაწყვეტილებას „ქართული ოცნება“, რომ ღარიბაშვილმა უნდა დატოვოს  პრემიერის თანამდებობა, მას მოუწევს წარმოადგინოს ქვეყანა ევროკავშირთან თანამშრომლობის საბჭოზე,- „ღარიბაშვილს უკვე ძალიან მძიმე იმიჯი ჰქონდა დასავლეთში მისი პრემიერობის პირველი ხანიდან, ამიტომ ახლა ამ ჩანაწერების გამოქვეყნება დარწმუნებული ვარ შოკისმომგვრელი იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისათვის“.

ტელეკომპანია „პირველმა” 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ და გეგმავენ მათთვის ანგარიშის გასწორებას, ვინც სოციალურ ქსლებში ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდა.

ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა ტელეკომპანის ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ 4 აუდიოჩანაწერი, რომელთაგან ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ამჟამინდელ უმაღლესი თანამდებობის პირებს, სავარაუდოდ, ავალებს გაუსწორნენ მის კრიტიკოსებს, მათ შორის არასრულწლოვანს.

თავის მხრივ ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი და სახელმწიფო დაცვის უფროსი, ჩანაწერის მიხედვით, საუბრობენ ამ დავალებების აღსრულებაზე.