ღარიბაშვილის გადასაწყვეტი არ არის, მე პოლიტიკურ განცხადებას გავაკეთებ, თუ არა - მამულაშვილი

პუბლიკა

„ღარიბაშვილის გადასაწყვეტი არ არის, მე პოლიტიკურ განცხადებას გავაკეთებ, თუ არა. მესმის, რომ რუსულ ყაიდაზეა გაზრდილი და მისთვის შეზღუდულია სხვადასხვა სფეროში სხვადასხვა ადამიანის ლაპარაკი – მე მგონია, რომ ცოტა პატივისცემით უნდა მოეპყროს იმ საკითხს, რასაც დღეს „ქართული ლეგიონი“ აკეთებს. ეს არის საქართველოს ინტერესების დაცვა და მეგობრობის გამყარება“, -ასე გამოეხმაურა უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას „პალიტრანიუსის“ ეთერში.

„მოვუწოდებ, სწორედ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც ჩემთვის პირადად მისაღები არ არის, დაკავდეს იმით, რომ დაიცვას საქართველოს ინტერესები და არა რუსული პოლიტიკა გაატაროს საქართველოში. არ ვიცი, რა კომენტარის გაკეთება შეიძლება, როდესაც ადამიანმა არ იცის, რაზე ლაპარაკობს.

რაც შეეხება კონფერენციას ევროპარლამენტში, არაერთხელ ვყოფილვარ დაპატიჟებული, მილაპარაკია და მე მგონი, ეს ღარიბაშვილის კომპეტენცია არ უნდა იყოს საერთოდ.

მე თვითონ პარტიული არასდროს ვყოფილვარ. არ ვყოფილვარ არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც სხვა რომელიმე პარტიის წევრი. რა თქმა უნდა, მე მაქვს ჩემი პოლიტიკური სიმპათიები და ანტიპათიები, ყველა ადამიანს აქვს. მე მგონი, ჯერ კიდევ შეგვიძლია საქართველოში გამოვხატოთ ჩვენი ნება და თავისუფლად ვილაპარაკოთ იმაზე, რაც ხდება ქვეყანაში. მე საერთოდ არ მქონია შეხება პოლიტიკურ პარტიებთან. ჩემი ერთადერთი შეხება იყო ის, რომ ჩემი და იყო პარლამენტის წვერი „ნაციონალური მოძრაობიდან“, რამდენადაც ვიცი ბოლო ერთი წელი“, – აცხადებს მამულაშვილი.

დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში ქართველი მებრძოლების წაყვანასთან დაკავშირებით თავისი განცხადება განმარტა. მისი თქმით, ის პატივს სცემს ყველა „ფორმიანს“, მისი განცხადება კი არასწორად იყო ინტერპრეტირებული.

პრემიერის განმარტებით, ქართველი მებრძოლების ნაწილი უკრაინაში „თავისი იდეალისტური დამოკიდებულებით“ იბრძვის, მაგრამ არის კატეგორიაც, რომელიც მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წაიყვანა.

„…მაგალითად, ვინმე მამულაშვილი, რომელიც არის სააკაშვილის ძალიან დიდი მხარდამჭერი, რომელიც არის „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი. მისი და „ნაცმოძრაობიდან“ იყო პარლამენტის წევრი. ეს ადამიანი ერთვება საერთაშორისო კონფერენციებში, ამბობს, რომ იქ ომობს და ა.შ. ჯერ მე ასე მესმის, მინდა მივმართო მამულაშვილს და მისნაირებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულებს – ღმერთმა მოგცეს საშუალება, რომ იომე, მაგრამ ეს პარტიული ჩართვები და რამდენიმე ადამიანის პოლიტიკური განცხადებების კეთება ფრონტიდან მე არ ვიცი, რა სტილია საერთოდ“, – თქვა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.