გამოქვეყნდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განახლებული დეკლარაცია. ის 2023 წელს შეეხება.
დეკლარაციის თანახმად, ღარიბაშვილის შვილის აშშ-ში გადაფრენა 109 000 ლარი დაჯდა.
კერძოდ, ჩანაწერის მიხედვით, „ოჯახის მოგზაურობასთან დაკავშირებული საჰაერო რეისის (თბილისი-მიუნხენი-თბილისი) ხარჯი ანაზღაურებულ იქნა უშუალოდ რეისის დამკვეთის (მშობლის) მიერ ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე – 94 500 ლარი; მეორე ეტაპზე – 15 000 ლარი”.
გარდა ამისა, დეკლარაციის მიხედვით, ოჯახის მოგზაურობისთვის ასევე დაიხარჯა 20000 USD.
დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ მამამ ირაკლი ღარიბაშვილს აჩუქა 150 000 ლარი.
საქმე ეხება ღარიბაშვილის ჩარტერულ რეისს – 2023 წლის 6 სექტემბერს „ტვ პირველმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი შვილი აშშ-ში ჩარტერული რეისით წაიყვანა მას შემდეგ, რაც ნიკოლოზ ღარიბაშვილი პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩაირიცხა.
იმავე დღეს საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უკვე ყოფილმა უფროსმა, ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ 2023 წლის აგვისტოში პრემიერ-მინისტრი აშშ-ში კერძო ვიზიტით გაფრინდა და მისი მგზავრობის, ასევე, ჩარტერული (კომერციული) რეისის ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.
თუმცა, 9 სექტემბერს „საქართველოს ავიახაზების” ხელმძღვანელმა, თამაზ გაიაშვილმა „ტვ პირველთან” თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პირადი ფრენისთვის სამთავრობო თვითმფრინავი გამოიყენა – მან უფროსი შვილი ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად მიუნხენში ჩაიყვანა, აშშ-ში კი იქიდან სამგზავრო თვითმფრინავით გაფრინდა.
გარდა ამისა, დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილმა სხვა შვილების განათლებისთვის გადაიხადა:
- ანდრია ღარიბაშვილის სწავლის საფასური: 24 091 ლარი;
- გაბრიელ ღარიბაშვილის სწავლის საფასური: 13 372 ლარი;
- ნინო ღარიბაშვილის სწავლის საფასური: 5 445 ლარი.
რაც შეეხება სხვა ხარჯებს – დეკლარაციის თანახმად, ნუნუ თამაზაშვილმა გადაიხადა 6255,9 ლარი – ტყით სპეციალური სარგებლობის გადასახადი;
ოჯახის წვეულების ხარჯი – 15 000 ლარი.
2023 წელს ირაკლი ღარიბაშვილის ანაზღაურება ხელფასის სახით პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იყო ჯამში 45104,4 ლარი – ხელზე ასაღები თანხა.