ღარიბაშვილის სიტყვები სწორად უნდა გაიგონ - პაპუაშვილი დასავლეთში მათ კრიტიკას უსამართლოს უწოდებს

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა Twitter-ზე ვრცელი ინგლისურენოვანი განცხადება გამოქვეყნა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიზეზებზე ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციას ეხება. პაპუაშვილი წერს, რომ საქართველო დასავლეთისგან დაუმსახურებელ კრიტიკას იღებს და ღარიბაშვილის სიტყვები სწორად უნდა გაიგონ.

„მე მჯერა, რომ საქართველოს ხმა ამოეღება, როცა საქმე რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას ეხება. ღარიბაშვილის სიტყვები კი სწორად უნდა იქნეს გაგებული.

ჩვენ გვაქვს უფლება ეჭვქვეშ დავაყენოთ ზოგიერთი ჩვენი მეგობრის და კრიტიკოსის ორმაგი დამოკიდებულება, რადგან საქართველო არაერთხელ გამხდარა უსამართლო, ფაქტობრივად თვალთმაქცური მოპყრობის საგანი“, – წერს პაპუაშვილი.

შალვა პაპუაშვილი დასავლეთს ადანაშაულებს, რომ 2008 წლის ომი მათ სათანადოდ არ შეაფასეს. პაპუაშვილის მტკიცებით, დასავლეთმა საქართველოს ომის შემდეგ იარაღის შესყიდვაზე დე ფაქტო სანქციაც დაუწესა, რუსეთთან კი ვაჭრობა გააღრმავა და „გადატვირთვის“ პოლიტიკა გამოაცხადა. ასევე პაპუაშვილის მტკიცებით, დასავლეთში ბევრს ჯერ კიდევ ეშინია, რომ საქართველოში რუსულ აგრესიას ოკუპაცია უწოდოს.

პაპუაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილისგან განსხვავებით აღნიშნა ისიც, რომ რუსული აგრესია 2008 წლის ომის შემდეგაც გაგრძელდა უკანონო ბორდერიზაციით, ფარული ანექსიითა და საქართველოს მოქალაქეების გატაცებით.

ამის მიუხედავად, პაპუაშვილის თქმით, საქართველო მტკიცედ ინარჩუნებს პროდასავლურ კურსს, ასევე შეაქვს დიდი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოებაში, რაც ავღანეთში ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი კონტიგენტის გაგზავნით გამოიხატა.

ხოლო „სტრატეგიული მოთმინების“ პოლიტიკა, როგორც პაპუაშვილი წერს, დასავლეთის რჩევით იქნა ჩამოყალიბებული.

დღეს კი, როცა დასავლეთის პოლიტიკა რუსეთის მიმართ რადიკალურად შეიცვალა, სწორედ ამ „სტრატეგიული მოთმინების“ პოლიტიკის გამო, რაც ასევე მოიცავდა ორმხრივ სანქციებზე უარს, საქართველოს ხელისუფლებას არგუმენტების გარეშე უწოდებენ „პრორუსულს“. ეს კი პაპუაშვილის თქმით, დაუმსახურებელია რამდენიმე მიზეზის გამო:

„პირველი, მიუხედავად იმისა, რომ  საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე არანაკლებ სასტიკი და დამღუპველი იყო, იმ დროს რუსეთის აგრესიას დასავლეთის მხრიდან თითქმის არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია.

მეორე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დასავლეთის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიები რეალურად არ გააჩნია, ჩვენს ქვეყანას მუდმივად მოუწოდებენ, იმოქმედოს „გაბედულად“. ეს უცნაურია, რადგან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს კარგად ესმით, რომ საქართველოს არ შეუძლია ისეთივე წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს, როგორც იმ ქვეყნებს, რომელთაც NATO-ს მე-5 მუხლი იცავთ.

მესამე, ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი გვსაყვედურობს იმის გამო, რომ პრაგმატულები ვართ რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაუწესებლობის საკითხში (თუმცა არასოდეს დავუშვებთ სანქციებისთვის გვერდის ავლას საქართველოს ტერიტორიის ან ინსტიტუტების გავლით).

ყველასთვის, უპირველეს ყოვლისა, ჩვენივე მოქალაქეებისთვის, ნათელია, რომ საქართველოს მიერ რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკას გაანადგურებს, რუსეთს კი თუ საერთოდ მიაყენებს რაიმე ზიანს, მხოლოდ მცირეს. პირიქით, რუსეთის საპასუხო ქმედება საზიანო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის და სახელმწიფოებრიობისთვის.

და მეოთხე, ქვეყნები, რომლებიც შედარებით ბოლოს შევიდნენ NATO-სა და ევროკავშირში და ამით შეიძინეს გეოპოლიტიკური უსაფრთხოება (თუმცა კი გაწევრების დროს სრულყოფილები არ იყვნენ), ახლა ყველაზე ხმამაღლა გამოხატავენ შეშფოთებას საქართველოს მიმართ.

NATO-სა და ევროკავშირში შესვლისთვის საქართველოს ყველა მცდელობის მიუხედავად, ჩვენ არასოდეს ვიღებთ დამსახურებულ საპასუხო ნაბიჯებს დასავლეთისგან. საქართველო შარშან კანდიდატის სტატუსის გარეშეც კი დარჩა, მაშინ, როცა ასოცირებულ ტრიოში აშკარად მოწინავე პოზიცია გვქონდა“, – წერს პაპუაშვილი.

ამის გათვალისწინებით, როგორც პაპუაშვილი წერს, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და უნდა ვუთხრათ, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ უსამართლო კრიტიკის ნაცვლად დროა, დაგვეხმარონ უსაფრთხოების კუთხით გამოწვევების დაძლევასა და NATO-სა და ევროკავშირში დამსახურებული წევრობის მიღებაში.

„უკვე 15 წელზე მეტია, ბურთი დასავლეთის მხარეზეა, როგორც ევროკავშირის, ისე NATO-ს მოედანზე.