პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, Starring Georgia-ს პროექტი წარმატებული აღმოჩნდა.
მისივე თქმით, მთავრობა 2024 წელსაც აპირებს „დიდი სიურპრიზების ორგანიზებას” საქართველოში.
„იცით, რომ საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა Starring Georgia-ს პროექტი, რომლის ფარგლებშიც ორი გრანდიოზული მეგა შოუ გაიმართა საქართველოში.
ვიცი, რომ ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე და არა მხოლოდ ჩვენი თანამოქალაქე დაესწრო ამ კონცერტებს და ძალიან მოეწონათ, კმაყოფილები იყვნენ. ჩვენ გაისად, 2024-შიც ვაპირებთ ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი სიურპრიზების ორგანიზებას საქართველოში“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობამ მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების 2-წლიანი პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 70 მილიონი ლარი გამოყო.
1 ოქტომბერს „დინამო არენაზე“ ბრუნო მარსის კონცერტი გაიმართა. ამის შემდეგ უცნობია, მომავალ წელს ვისი შოუებით გაგრძელდება პროექტი.
ხელისუფლებას ჯერ-ჯერობით, არ გაუსაჯაროებია ინფორმაცია, რა შემოსავალი და სარგებელი მიიღო ქვეყანამ ამ პროექტით.