ღარიბაშვილმა დამარწმუნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს - პოლონეთის პრემიერი უკრაინაზე

პუბლიკა

„არის ხმები, თითქოს საქართველო ბოლომდე არ არის ჩართული  სანქციებში, მაგრამ ბატონმა პრემიერმა დამარწმუნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეაჩეროს ეს აგრესია“, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ საქართველოს პრემიერთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. [პოლონურიდან ქართულზე სინქრონულ თარგმანს მთავრობის ადმინისტრაცია ახორციელებს].

მისი თქმით, უკრაინის მდგომარეობის ყველაზე კარგად  საქართველოს მოსახლეობას ესმის, რადგან საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

„არის ხმები, რომ თითქოს საქართველო ბოლომდე არ არის ჩართული  სანქციებში, მაგრამ ბატონმა პრემიერმა დამარწმუნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეაჩეროს ეს აგრესია და მხარი დაუჭიროს უკრაინას, დაიცვას უკრაინის თავისუფლება და სუვერენიტეტი. ვინ შეიძლება უკეთესად გაიგოს უკრაინისა, თუ ქართველებმა არა. ვინაიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი – ეს არის 20% საქართველოსი, რომელიც დაკავებული არის ოკუპანტების მიერ“, – თქვა პოლონეთის პრემიერმა.

საქართველოს პოლონეთის პრემიერი, მათეუშ მორავიეცკი სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები ერთობლივად გახსნიან პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლს.