ღარიბაშვილმა ერდოღანს არჩევნების პირველ ტურში მიღწეული წარმატება მიულოცა

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ ტაიფ ერდოღანს არჩევნების პირველი ტურის წარმატებით ჩატარება, პირველ ტურში მიღწეული წარმატება, ხოლო საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ ხმათა უმრავლესობის მოპოვება მიულოცა. მან ასევე ერდოღანს მეორე ტურში წარმატება უსურვა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა.

„პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ერდოღანის პერსონალურ როლს როგორც თურქეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში, ასევე რეგიონის მდგრად და სტაბილურ განვითარებაში იმ ერთობლივი, საერთაშორისო ხასიათის პროექტების მხარდაჭერით, რომელშიც თურქეთი და საქართველო არიან ჩართულნი”, – წერია განცხადებაში.

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა პირველ ტურში გამარჯვებისთვის საჭირო 50%. ქვეყანაში მეორე ტური 28 მაისს გაიმართება. მეორე ტურში მონაწილეობას მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მისი მთავარი ოპოზიციონერი მოწინააღმდეგე ქემალ ქილიჩდაროღლუ მიიღებენ.

14 მაისს თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. თურქეთის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არჩევნები გადაწყვეტს, დარჩება თუ არა რეჯეფ თაიფ ერდოღანი 20-წლიანი მმართველობის შემდეგ ხელისუფლებაში.