„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის.
„დღეს მინდა, გაგაცნოთ ჩემი პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება. ბოლო რამდენიმე კვირაა, არ წყდება სპეკულაციები ჩემს პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად მივიჩნევ, შეკითხვებს გავცე ამომწურავი პასუხი“ – თქვა მან „ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
ღარიბაშვილმა ვრცელ სიტყვაში შეაჯამა თავისი საქმიანობა, ამასთანავე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის საქმიანობაზე და განაცხადა, რომ მან თავისი მისია ამოწურა.
„ის საპატიო მისია, რომელიც თავის დროზე პოლიტიკაში დაბრუნებისას ჯერ თავდაცვის მინისტრად, მეორედ პრემიერ-მინისტრად დანიშვნით და ბოლოს უკვე პარტიის თავმჯდომარედ არჩევით დამეკისრა, ჩვენი პარტიის დამფუძნებლისა და გუნდის მხრიდან, შეიძლება ითქვას, უკვე შევასრულე. ვეღარ ვხედავ პარტიის თავმჯდომარედ და პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყნის სამსახურს სხვა პოზიციიდან განაგრძობს. შეკითხვის საპასუხოდ კი დააზუსტა, რომ ეს იქნება კერძო სექტორი.
„იმიტომ გადავდექი დღეს, რომ რაღაც ოპოზიციური პარტია შევქმნა, ეს არის სისულელე“, – თქვა მან.
პოლიტიკიდან მიდიხართ დაუსანქცირებელი? – ამ შეკითხვაზე ღარიბაშვილი ამბობს, რომ არ იცის, მისთვის ცნობილი არაა.
„რატომ უნდა მქონოდა, ვერ გავიგე, ან რატომ დაასანქცირეს სხვები?“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში რჩება და არ განიხილავს სხვა ქვეყანაში ცხოვრებას.
„ეს ქვეყანა ყველაზე მეტად მიყვარს, არც ერთ ქვეყანაში არ განვიხილავ ცხოვრებას, ღმერთმა დამიფაროს, რომ სხვა ქვეყანაში ვიფიქრო ცხოვრება“, – თქვა მან.
რაც შეეხება ახალ თავმჯდომარეს, მისი თქმით, მალე გახდება ცნობილი.
მასალა განახლდება