„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, შალვა პაპუაშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას განმარტავს.
საუბარია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წუხელ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ „თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია, მოიკლას, მაგრამ ამაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას“.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილმა იგულისხმა შიმშილობის უფლება და არა თვითმკვლელობის.
„იგულისხმება ის, რომ ადამიანს და, სხვათა შორის, ეს არის საერთაშორისო დოკუმენტებითა და მათ შორის ქართული კანონმდებლობით დაცული უფლება – შიმშილობა და არავის აქვს უფლება, აიძულოს ადამიანი, მიიღოს საკვები. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, არსებობს სპეციალური ინსტრუქცია, როგორ ხდება ურთიერთობა მოშიმშილე პატიმართან, ამას აქვს სპეციალური პროტოკოლი.
საღ გონებაზე მყოფ ზრდასრულ ადამიანს შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუკი ის თვლის მიზეზების გამო, რომ იშიმშილოს, ეს არის მისი უფლება. შიმშილობით ადამიანი ზიანს აყენებს ჯანმრთელობას და ესეც მისი გადაწყვეტილებაა.
რაც შეეხება სახელმწიფოს, თუ ადამიანს აქვს გადაწყვეტილი შიმშილობა, მას იძულებით ვერ მიაღებინებს საკვებს, ეს აკრძალულია. სახელმწიფომ ყურადღება უნდა მიაქციოს და მონიტორინგი გაუწიოს მოშიმშილე ადამიანს“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
„ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ცუდი მაგალითია, რომ შიმშილობა თითქოს არის რამე საკითხის კონსტრუქციულად გადაწყვეტის გზა. მისივე თქმით, ღარიბაშვილის განცხადებას ოპონენტები კონტექსტიდან იღებენ და მანიპულირებენ.
„თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია, მოიკლას, მაგრამ ამაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას“, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ წამყვანის შეკითხვას, რითი შეიძლება დასრულდეს სააკაშვილის შიმშილობა.
„ფინალი, არ ვიცი ახლა, ადამიანი თუ თავის ჯანმრთელობას იზიანებს. ის კი არა, უფრო მეტიც: კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება.
თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია, მოიკლას, მაგრამ ამაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, ეს ერთი.
მეორე, რაც მინდა ვთქვა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ აბსოლუტურად. ჩემი დავალებით დამატებით ექიმების ჯგუფიც შევქმენით, ეს კონსილიუმი და ეს ყველაფერი ჩვენგანაა ორგანიზებული, იმის მიუხედავად, რომ მას, როგორც პატიმარს, სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება გაეწია და ეწევა ყოველდღიურად, პენიტენციური სამსახურის მიერ.
ამის მიუხედავად, დამატებით, ჩვენ შევქმენით ექიმების ჯგუფი. ყოველდღიურად ახორციელებენ მონიტორინგს, კონსულტაციებს უტარებენ და გვაქვს სრული კომფორტი შექმნილი მისთვის, რომ არცერთი კითხვა არ დარჩეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.