საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე არაფერი თქვა მიმდინარე საპროტესტო პროცესზე, სადაც მისი გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას მოითხოვენ.
მან მთავრობის სხდომაზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებულ რეფორმებსა და ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა.
„რამდენიმე ძირითადი შედეგი მინდა გამოვყო, ამ სამი ძირითადი მიღწევის გარდა, ჩვენ ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს თუნდაც ზოგადად, ევრორეგულაციებისა და ევროდირექტივების შესრულება, დაახლოებით 45%-ია შესრულებული.
განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები, როგორიც არის ადამიანის უფლებების სფეროში, პენიტენციურ, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში, ასევე ნოვაციების, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის სფეროებში, საჯარო სამსახურის რეფორმის მიმართულებით, ენერგეტიკის, რეგიონული განვითარების კუთხით.
ეს არის რეალური ინტეგრაცია ევროპასთან და ხელშესახები შედეგი“, – თქვა მან.
24 ივნისს გამართული აქციის მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის თორმეტივე პუნქტს ზამთრამდე შეასრულებს.
მომდევნო აქცია თბილისში, პარლამენტთან 3 ივლისს გაიმართება. იქამდე კი ხელისუფლებას მოთხოვნების შესრულებისთვის ერთკვირიანი ვადა ეძლევა.