ღარიბაშვილმა სურსათისა და ნავთობის იმპორტის რეგულირებაზე ისაუბრა

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობა მოამზადებს კანონპროექტს, რომელიც პროდუქტზე იმპორტიორების მიერ ფასნამატის რეგულირებას ითვალისწინებს.

ღარიბაშვილის თქმით, სურსათისა და საწვავის ფასის შესახებ არაერთი შეხვედრა გაიმართა იმპორტიორებსა და დიდი ქსელების წარმომადგენელთან. მისივე თქმით, პროდუქტზე ფასნამატი 70-80%-ია, გარკვეულ შემთხვევებში კი 100%-ით არის გაზრდილი.

„ჩემი დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო ახლა მოამზადებს შესაბამის კანონპროექტს, რომელიც შეეხება ევროდირექტივას, სამართლიანი ვაჭრობის შესახებ. ამიტომ, ჩვენ პარალელურად გავაგრძელებთ მუშაობას იმპორტიორებთან, ასევე, დიდი ქსელების წარმომადგენლებთან და პარალელურად, ასევე წარვუდგენთ ამ კანონპროექტს პარლამენტს. მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ პარლამენტის მხრიდან მზაობა იქნება და ეს დაადასტურეს და მხარს დაგვიჭერს, რომ ევროდირექტივა, ეს რეგულაციები შემოვიღოთ ჩვენც. სხვანაირად უხეში იქნება ჩვენი მხრიდან რაღაც ხელოვნური ჩარევა, ამიტომ, გამოვნახეთ გზა, რომ ისეთი პრაქტიკა, რომელიც ევროპამ უკვე გაიარა, ჩვენც გადმოვიტანოთ ჩვენს ქვეყანაში. ამით, რეალურად სამართლიანი წესები დაწესდება. იმპორტიორებს ექნებათ განსაზღვრული მარჟები, ფასნამატები და ასევე რითეილს ექნება თავისი განსაზღვრული წესები. ეს არის გამოსავალი, რაც ამ მოკლე ორ კვირიანი მუშაობის შედეგად გამოიკვეთა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფასები შემცირდეს, არაგონივრული, მაღალი მარჟებით არ იყიდებოდეს ძირითადი პროდუქტები. ეს ჩვენს მოსახლეობაზე, ჩვენს ხალხზე აისახება. ინფლაციაზე როცა ვსაუბრობთ, ინფლაციის გასული თვის მაჩვენებელი იყო 9,4%. აქედან 6,1% არის სურსათის ფასი. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, როგორც კი დარეგულირდება ეს საკითხები (და ეს შეიძლება ძალიან მალე მოხდეს), ინფლაციაც ჩამოვა იმ ნიშნულზე, რომელიც ჩვენ გვაქვს განსაზღვრული – 5% დაახლოებით, ამ წლის განმავლობაში.

რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ეს სიკეთე აისახება ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის ჯიბესა და მათ შემოსავლებზე. ამიტომ, ამ საკითხზე ასეთი გამოსავალი გამოვნახეთ, მთავრობა მალე გაუგზავნის ამ კანონპროექტს პარლამენტს და იმედი მაქვს, ძალიან მალე მივირებთ შესაბამის რეგულაციებს. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ, გამოსავალი არ ჩანს, არ მინდა, ვინმეს გავუჩინოთ განცდა, რომ მთავრობა უხეშად ერევა ბიზნესის საქმიანობაში. ეს ჩვენი ხელწერა და პრაქტიკა არ არის. ასეთი გამოსავალი გამოვნახეთ და ისე, როგორც წამლების შემთხვევაში დავარეგულირეთ და ფასები ჩამოვწიეთ, გაიაფდა 60-80%-ით, შემოვიტანეთ ასევე ევროპული პრაქტიკა რეფერენტულ ფასებთან დაკავშირებით, ასეთივე ევრორეგულაციისა და ევროდირექტივების შემოღება გადავწყვიტეთ და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე დაიწყებს ფასები კლებას“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, შეხვედრა გაიმართა ნავთობიმპორტიორებთან, რომლებიც დაჰპირდნენ მთავრობას, რომ ფასები კლებას დაიწყებს. პრემიერის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლებას ფასის ზედა ზღვრის განსაზღვრა მოუწევს.

„ფასები არის ძალიან შემცირებული ნავთობზე, ის ნავთობი რომელიც შემოაქვთ იმპორტიორებს, საკმაოდ შემცირებულია. რა თქმა უნდა, მათი არგუმენტებიც მოვისმინეთ, საკითხი შეეხებოდა მარაგის მართვას. ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, გავითვალისწინებთ მათ არგუმენტებს, ეს ბუნებრივია, მაგრამ თუ ვნახავთ, რომ რაციონალური და გონივრული მარჟებით არ გაგრძელდება მუშაობა, აქაც გვაქვს გარკვეული ბერკეტები.

მე არ მინდოდა ამის თქმა, თუმცა მთავრობას აქვს ნებისმიერ დროს ბერკეტები, რეგულაციები. შეგვიძლია, ჩვენ დავკეტოთ მაგალითად, ისე როგორც ევროპის ქვეყნებში გააკეთეს. ენერგოკრიზისი არის დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მსოფლიოსა და ევროპაში და ევროპის ქვეყნებმა გადაწყვიტეს მაღალ ფასებთან ბრძოლა ე.წ. „დაკეტვით“, ანუ ზედა ზღვარი განსაზღვრეს, „ჭერი“ განსაზღვრეს. ასე რომ, ჩვენ არ გვინდა ამის გაკეთება, იმედი გვაქვს და ვეფუძნებით იმ საუბარს, რომელიც გაიმართა. ოპტიმისტური განწყობით დავშორდით და იმედი გვაქვს, ძალიან მალე კიდევ აქტიურად გაგრძელდება თვის ბოლომდე საწვავზე ფასების კლება,“- აღნიშნა პრემიერმა.