მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა შესავალ სიტყვაში ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრა. მისი თქმით, 15-17 მარტს მიემგზავრებიან ბრიუსელში, სადაც მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება.
„რაც შეეხება მისი პირადი წარმომადგენლის ვიზიტს. მივესალმებით მის ჩამოსვლას და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობას. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ მისი მონაწილეობა პროცესების კონსტრუქციულ წარმართვას შეუწყობს ხელს. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროსაბჭოს რჩევას, რაც შეიძლება მოკლე დროში ყველამ ერთად გამოვნახოთ საერთო ენა და მივაღწიოთ შეთანხმებას, რომ ქვეყანა ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდეს.“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა ეპიდვითარებაზე და აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში მოსახლეობა რეკომენდაციებს აღარ იცავს.
„ჩვენ მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით და შემთხვევების გარკვეული მატება შეინიშნება. ასევე შეინიშნება საზოგადოების მხრიდან რეკომენდაციების უგულებელყოფა. ბოლო დღეებში ცნობილი გახდა რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა.“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
6 მარტს „ტვ პირველის“ ეთერში გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ პრემიერ-მინისტრი პირველად გამოჩნდა საჯარო სივრცეში. მას ჩანაწერებთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს.