ღაზის სექტორში ასობით ადამიანი შეუერთდა „ჰამასის“ საწინააღმდეგო აქციას. BBC წერს, რომ ეს არის ყველაზე დიდი აქცია ისრაელი-„ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ. დემონსტრანტები ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში, ბეით-ლაჰიას ქუჩებში შეიკრიბნენ, ისინი სკანდირებდნენ „ჰამას, წადი!“ და მოითხოვდნენ ომის დასრულებას.
„ჰამასი“ პროტესტზე პირდაპირ კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ ოთხშაბათს გავრცელებულ განცხადებაში ის ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ომის განახლებაში ადანაშაულებს.
„ჰამასის“ მომხრეებმა საპროტესტო აქციების მონაწილეები მოღალატეებად მოიხსენიეს.
საპროტესტო აქცია ჩრდილოეთ ღაზაში ერთი დღის შემდეგ გაიმართა, რაც ისლამური ჯიჰადის მებრძოლებმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. ამის საპასუხოდ, ისრაელმა ბეით-ლაჰიას დიდი ნაწილის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო, რამაც ადგილობრივების აღშფოთება გამოიწვია.
BBC-ს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ უთხრა, რომ „ჰამასი“ უნდა გადადგეს და უნდა მოუსმინოს უკმაყოფილოთა ხმას – „ხმა, რომელიც ამოდის ნანგრევებიდან – ეს ყველაზე მართალი ხმაა“.
ქალაქში გადაღებულ ვიდეოებში ასევე ჩანს მომიტინგეები, რომლებიც ყვირიან „ძირს ჰამასის მმართველობა, ძირს მუსლიმთა საძმოს მმართველობა“.
თითქმის ორთვიანი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ისრაელმა განაახლა საბრძოლო მოქმედებები ღაზის სექტორში და „ჰამასი“ დაადანაშაულა ზავის გახანგრძლივების შესახებ აშშ-ის ახალი წინადადების უარყოფაში. თავის მხირვ, „ჰამასმა“ ისრაელი დაადანშაულა იანვარში შეთანხმებულ თავდაპირველ გარიგებაზე უარის თქმაში.
18 მარტს ისრაელის სამხედრო ოპერაციების განახლების შემდეგ ასობით პალესტინელი დაიღუპა.
„ჰამასი“ ღაზის ერთპიროვნული მმართველია 2007 წლიდან, მას შემდეგ, რაც ერთი წლით ადრე გაიმარჯვა პალესტინის არჩევნებში და შემდეგ ძალადობრივად განდევნა კონკურენტები.