100-ზე მეტმა ჰუმანიტარულმა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციამ საერთო განცხადებით მოუწოდა მთავრობებს, რომ მიიღონ ზომები ღაზაში მასობრივი შიმშილობის შესაჩერებლად. მათ შორის, ორგანიზაციები მოუწოდებენ, შეწყდეს ცეცხლი და ღაზაში თავისუფლად დაუშვან ჰუმანიტარული დახმარება.
ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში შიმშილობა მძვინვარებს. არადა, ტონობით საკვები, სუფთა წყალი, სამედიცინო მარაგი და სხვა პირველადი საჭიროების ნივთები ხელუხლებელი რჩება ღაზის გარეთ იმის გამო, რომ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს ეკრძალებათ მათზე წვდომა ან სექტორის მოსახლეობისთვის მიწოდება.
„ისრაელის მთავრობის შეზღუდვებმა, შეფერხებებმა და ფრაგმენტაციამ სრულ ალყასთან ერთად, ქაოსი, შიმშილი და სიკვდილი გამოიწვია“ – ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში, რომელსაც Reuters ავრცელებს.
ისინი მოუწოდებენ მთავრობებს, მოითხოვონ ყველა ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული შეზღუდვის მოხსნა, ყველა სახმელეთო გადასასვლელის გახსნა, ღაზის სექტორში ყველასთვის წვდომის უზრუნველყოფა სამხედროების მიერ კონტროლირებადი განაწილების ნაცვლად და ჰუმანიტარული დახმარების აღდგენა გაეროს ეგიდით.
როგორც Reuters წერს, ისრაელი, რომელიც აკონტროლებს ღაზაში შემავალ ყველა ჰუმანიტარულ დახმარებას, საკვების დეფიციტზე პასუხისმგებლბობას იხსნის.
გასული კვირების განმავლობაში 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა საკვების მიწოდების მცდელობისას, ძირითადად ღაზის ჰუმანიტარული ფონდის სადისტრიბუციო ცენტრებთან განლაგებული ისრაელელი ჯარისკაცების სროლის შედეგად.
2023 წლის ოქტომბრიდან დღემდე, როცა ისრაელის ხელისუფლებამ ჰამასის თავდასხმის და ისრაელელი მძევლების აყვანის საპასუხოდ ღაზაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა, ისრაელის თავდაცვის ძალების საჰაერო იერიშებს, დაბომბვასა და სახმელეთო ოპერაციას 60 000-მდე პალესტინელი ემსხვერპლა. მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა, ამაზე დიდიც იყოს.