ღია ცის ქვეშ დარჩენილი უკრაინელების დასახმარებლად ფონდი შეიქმნა

პუბლიკა

სამოქალაქო საზოგადოება 1 აგვისტოს სასტუმროებიდან გამოსახლებული უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად ფინანსური სახსრების მობილიზების კამპანიას იწყებს. შეიქმნა ფონდი, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ, თანხა გაიღონ უკრაინის მოქალაქეების თავშესაფრით უზრუნველსაყოფად.

„1-ელი აგვისტოდან, უკრაინელი მოქალაქეების სასტუმროებში ცხოვრების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამა დასრულდა. ქალები, ბავშვები, პენსიონრები, რომლებმაც ჩვენი თანადგომის იმედით საქართველოს მოაშურეს, ღია ცის ქვეშ დარჩნენ. მათი მამები, ქმრები, შვილები – ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვიან.

ჩვენ ყველაზე მეტად შეგვიძლია განვიცადოთ ომით მიღებული ტკივილი, საყვარელი ადამიანების დაკარგვა და დევნილობაში ყოფნის სიმწარე. დღეს, ჩვენ შეგვიძლია გავერთიანდეთ, რომ უკრაინელ მეგობრებს ყველაზე რთული პერიოდი გადავატანინოთ“, – აცხადებს „ღია საზოგადოება — საქართველო“, რომელიც უერთდება ინიციატივას და ფონდისთვის 150 ათას ლარს გამოყოფს.

გარდა ამისა, უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად შექმნილია პლატფორმა RAZOM.GE, რომელზეც აღირიცხება როგორც დახმარების საჭიროების მქონე ადამიანები, ასევე ისინი, რომელთაც სხვადასხვა სახის დახმარების გაწევა შეუძლიათ.

ანგარიშზე ჩარიცხული თითოეული ლარი უკრაინის მოქალაქეების დაბინავებას მოხმარდება:

GEL: #GE51TB7324636080100018

USD: #GE63TB7324636180100012