ღია კაფე-ბარების მფლობელი მეწარმეები 2020 წლის იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდებიან - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით,  მეწარმეები, რომლებსაც ღია კაფეებისა და ბარების მოსაწყობად მუნიციპალიტეტისგან მიწები იჯარით აქვთ აღებული, 2020 წლის იჯარის გადასახადისგან თავისუფლდებიან. მან ამის შესახებ მერიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მერის თქმით, თბილისის ტერიტორიაზე 200-მდე ასეთი კაფე-ბარი ფუნქციონირებს.

„ახალი კორონავირუსის გავრცელებამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა ბიზნესსექტორს, განსაკუთრებით კი ტურიზმის სფეროს. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ის მეწარმეები, რომელთაც ღია კაფეებისა და ბარების მოსაწყობად, მუნიციპალიტეტისგან იჯარით აქვთ აღებული სივრცეები (მიწები), გავათავისუფლოთ მთელი 2020 წლის იჯარის გადასახადისგან.

კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ მთელი წლის იჯარის თანხისგან თავისუფლდება ყველა ის პირი, ვისაც ღია კაფეებისა და ბარების მოწყობის მიზნით, იჯარით აქვს ფართი აღებული თბილისის მუნიციპალიტეტისგან”, – განაცხადა კახა კალაძემ.