თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტროსთან და მთავრობასთან მოლაპარაკებით ღია კაფეების მუშაობასთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილება მიიღეს.
კახა კალაძის თქმით, ღია კაფეებს, რომლებმაც მუშაობა 1 ივნისიდან განაახლეს, ექნებათ საშუალება შეზღუდვების სრულ მოხსნამდე მუნიციპალური სივრცით ისარგებლონ.
„ღია კაფეებს, რომლებიც განთავსებულია მუნიციპალურ სივრცეში შეზღუდვების მოხსნამდე, დროებით მივცემთ შესაძლებლობას, გამოიყენონ მიმდინარე, დამატებით არსებული მუნიციპალური ფართები და მაგიდები განალაგონ ისე, როგორც არის მოთხოვნა, რომ დაცული იყოს ყველა იმ ადამიანის უსაფრთხოება, ვინც ისარგებლებს რესტორნებით, კაფე-ბარებით.
ანუ გეძლევათ დროებით იმის შესაძლებლობა, რომ მუნიციპალური ფართები გამოიყენოთ, გამოხვიდეთ და ისე განათავსოთ მაგიდები, რომ არ მოექცეთ მხოლოდ თქვენივე საკუთრებაში, გაშალოთ ისე, რომ დაიცვათ ეს სოციალური დისტანცია.
ეს არის დროებითი ღონისძიება მანამდე, სანამ ჩვენ ვართ ამ რთულ მდგოამრეობაში და ბიზნესისთვის ხელშეწყობა არის მნიშვნელოვანი”, – განაცხადა კახა კალაძემ.