„ღიად აღიარეს, რომ მისმენენ“ – ჟურნალისტი ნატო გოგელია ირაკლი კობახიძის ბრიფინგს ეხმაურება

პუბლიკა

დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ „ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებზე“ ისაუბრა.

ჟურნალისტების კითხვაზე საიდან აქვს მას ეს ინფორმაცია, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ოპოზიციური პარტიებიდან გამოჟონა ამ ინფორმაციამ“.

ამავე ბრიფინგზე მან თქვა, რომ გუშინ „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ენმ-ის ადგილობრივ ლიდერს ბესო ქათამაძეს შორის საუბარი შედგა, რა დროსაც გოგელიამ ქათამაძეს ჰკითხა, რომელ უბნებზე იგეგმებოდა არეულობა.

„გუშინ ნატო გოგელიასა და ენმ-ის ლიდერ ბესო ქათამაძეს შორის შედგა საუბარი. რა დროსაც, მხარდაჭერის მიზნით, გოგელიამ ქათამაძეს მოსთხოვა ინფორმაცია იმ უბნების შესახებ, რომლებზეც ვციტირებ „აპირებენ ხმაურს და არეულობას.“ რაზეც მიიღო ინფორმაცია, რომ ხმაური და არეულობა იგეგმება ნასაკირალსა და ჭანიეთში“– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის ბრიფინგს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ჟურნალისტი ნატო გოგელია. ის წერს, რომ ამ ბრიფინგით კობახიძემ აღიარა, რომ მისი ტელეფონი ისმინება. ამავე პოსტში ის მმართველი პარტიისგან ჩანაწერის გამოქვეყნებას მოითხოვს, სადაც, მისი თქმით, ბესო ქათამაძე „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან ხელშეშლაზე საუბრობს. ნატო გოგელია ამავე პოსტში წერს, რომ აპირებს სასამართლოს მიმართოს.

ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze ასე ღიად თუ აღიარებდით იმისა, რომ ტელეფონზე მისმენთ არ მეგონა!!!
ახლა, კეთილი ინებეთ…

Posted by Nato Gogelia on Thursday, October 29, 2020