ღიმილის მომგვრელია მინიშნება, რომ ხელისუფლება აპირებს ავტოკრატიის ჩამოყალიბებას – კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, დღეს პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ირაციონალურია.

„რა თქმა უნდა, ნებისმიერი კანონპროექტის გაკრიტიკება შეიძლება და აქაც შეიძლებოდა რაციონალური, კრიტიკული შენიშვნების შემოტანა, თუმცა ვერც ერთი ასეთი რაციონალური არგუმენტი ვერ მოიფიქრა ოპოზიციამ და ყველა არგუმენტი, რომელიც წარმოადგინეს, აბსოლუტურად ირაციონალური, ზოგიერთი კი ღიმილის მომგვრელი იყო. მაგალითად, მინიშნება იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება აპირებს ავტოკრატიის ჩამოყალიბებას ამ კანონის საფუძველზე. ამაზე მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება გაიღიმო.

რა თქმა უნდა, ეს კანონი მოქმედებს მხოლოდ ეპიდემიის პირობებში და არავითარი რისკი იმისა, რომ უვადოდ იმოქმედოს ასეთმა შეზღუდვებმა, არ არსებობს. ბუნებრივია პანდემია დასრულდება და შემდგომ, რა თქმა უნდა, აქტუალობას დაკარგავს, გასაგები მიზეზების გამო, ის ნორმები რომლებსაც დღეს ჩვენ ვიღებთ“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს. ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში შესაძლებელი გახდება, საგანგებო მდგომარეობის შემდეგ მთავრობამ საკარანტინო ღონისძიებების ფარგლებში რიგი შეზღუდვები დააწესოს.