მოძრაობა „დროას“ ლიდერი, პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია ეხმაურება თბილისი პრაიდის ორგანიზებით გასამართ ღირსების მარშს და ამბობს, რომ „ქართული ოცნების” წევრების განცხადებებში ნახსენები „კონტექსტი”, უმრავლესობის ძალადობის დაკანონებას ნიშნავს. მისივე თქმით, ღირსების მარშის გამართვამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა.
„კონტექსტი”, რომელსაც კობახიძე და ნუ, რეალურად „ქართული ოცნება” „გვთავაზობს”, ნიშნავს უმრავლესობის ძალადობის დაკანონებას, კანონის და თანაცხოვრების წესების არარსებობას, აბსოლუტურად ყველა მოქალაქისთვის საფრთხის შექმნას ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, განაცხადს, რომ ჩვენი ცხოვრების წესებს არა კონსტიტუცია, არამედ ერთი ჯგუფი განსაზღვრავს, ვინც მთავრობა დაირქვა.
უმრავლესობა და უმცირესობა ცვალებადია. ხან ვინ და რა მოსაზრებები ხდება უმრავლესობის ხან ვინ. ჩემს ბავშვობაში ბიჭს რომ შორტი ეცვა, უმცირესობაში ხვდებოდა და სცემდენ. ვინც სცემდა, ახლა თავად აცვია შორტი და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს.
ვინ რას დააწესებს და რას აჰყვება უმრავლესობა, აბსოლუტურად გაუთვლელია. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, რომელ კონკრეტულ მოსაზრებაზე ძალადობენ, ყველა საფრთხეშია.
ღირსების მარშის გამართვამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა”, – წერს ხოშტარია facebook-ზე.
„მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ და მგონია, რომ სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „tv პირველის“ ეთერში შეკითხვის პასუხად, თუ რა პოზიცია აქვს მას პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით.
Tbilisi Pride 5 ივლისს ღირსების მარშის გამართვას გეგმავს.