„სოლიდარობის ქსელმა” მთავრობის კანცელარიასთან აქცია გამართა და ექთნების დაბალი ანაზღაურება გააპროტესტა.
წელს, 10 დეკემბერს მთელი მსოფლიო უძღვნის ექთნებს, რომლებიც უკვე 2 წელია კოვიდ პანდემიის წინა ხაზებზე იბრძვიან. „ექთნებს უკრავენ ტაშს, თუმცა, სამწუხაროდ არ უხდიან ღირსეულ ხელფასს!”, – ამბობენ „სოლიდარობის ქსელში”.
„კორონავირუსის პანდემია და ექთნების შრომის ღირებულება”, – ასეთია კვლევის სახელწოდება, რომელიც ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირმა – „სოლიდარობის ქსელმა“ ჩაატარა.
კვლევის ძირითადი მიგნებებია:
► პანდემიისას ერთ ექთანზე ცვლაში მოსავლელი პაციენტების საშუალო რაოდენობა 11-19-დან 15-24-მდე გაიზარდა;
► ექთნების 88.3%-ს პანდემიისას გაეზარდა სამუშაო დატვირთვა;
► პანდემიისას სამუშაო დატვირთვის გაზრდაში პაციენტების რაოდენობის მატების პრობლემას ასახელებს გამოკითხულთა 56.4%; სამუშაო საათების გაზრდა – 38.7%; შესვენების შემცირება – 35.4%; ანაზღაურების დაკლება – 20.3%; ტრანსპორტის არარსებობა – 40.7%; ყველაფერი ერთად – 28.5%;
► გამოკითხულთა 65.8% არ იღებს ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას. ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას ნაწილობრივ იღებს 17.3%, ხოლო ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას – მხოლოდ 16.9%;
► პანდემიისას კვირაში ექთნის სამუშაო საათების საშუალო რაოდენობა გაიზარდა 54-68 საათიდან 76-92 საათამდე;
► პანდემიისას ცვლაში ექთნის სამუშაო საათების საშუალო რაოდენობა გაიზარდა 15-21 საათიდან 16-29 საათამდე;
► ექთნების 77.1% მიიჩნევს, რომ ცვლა უნდა მოიცავდეს 12 საათზე ნაკლებს; მათგან 65% ფიქრობს, რომ ცვლაში სამუშაო საათების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს;
► პანდემიისას ექთნის თვიური ხელფასი საშუალოდ გაიზარდა 250-508 ლარიდან 283- 582 ლარამდე;
► პანდემიისას ექთნის ოჯახის თვიური შემოსავალი საშუალოდ შემცირდა 528-913 ლარიდან 444-837 ლარამდე;
► ექთნების 99% დაბალ ანაზღაურებას და შემოსავლის უკმარისობას ასახელებს 1 სამუშაო ადგილზე მეტ ადგილას დასაქმების მიზეზად. აქედან გამომდინარე, რესპონდენტების 39.7% მუშაობს ერთზე მეტ სამუშაო ადგილას;
► გამოკითხული ექთნების 89.2% საჭირო რაოდენობისა და ნივთიერებების საკვებს არ/ვერ იღებს. 90.1% ხელფასის უკმარისობას მიიჩნევს საჭირო საკვებისა და ნივთიერებების ნაკლებობის მიზეზად;
► რესპონდენტების 71.8% თვეში არაფერს ხარჯავს დასვენებასა და გართობაში, რაც, ძირითადად, განპირობებულია შემოსავლის ნაკლებობით და მხოლოდ ფიზიკურად გადარჩენისთვის აუცილებელი საჭიროებების ხარჯით;
► გამოკითხულთა 95.1%-ს დასჭირვებია ვალის აღება;
► ვალების აღებისთვის 81.4% მიზეზად ასახელებს ხელფასის უკმარისობას, ხოლო 53.4% ვალს იღებს გადაუდებელი საჭიროებებისთვის და 33.8% ვალს იღებს სხვა ვალების გასასტუმრებლად;
► ვალის თავისუფლად გასტუმრება მხოლოდ 9%-მა შეძლო;
► ექთნებს მიაჩნიათ, რომ ღირსეული ცხოვრებისთვის მათ საშუალოდ სჭირდებათ 1438-1845 ლარი თვეში.