ღირსი ხარ, ხაბეს გადაყენებული დაგერქვას და ასე გაბრძანდე პოლიტიკიდან - ზარქუა მელიას

პუბლიკა

„ღირსი ხარ, რომ ხაბეს [ლევან ხაბეიშვილის] გადაყენებული დაგერქვას შენ და ასე გაბრძანდე ქართული პოლიტიკიდან! უპრინციპოებისa და უთავმოყვარეების თავშესაფარი არ არის პოლიტიკა!“, – ასე მიმართავს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ენმ-ის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას.

ზარქუა ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ერთი ნაწილის მხრიდან პარტიის თავმჯდომარის არჩევნების მოთხოვნას.

„ნიკანორ მელია – ონჯღორე სი!!! ხაბე და მისი დაჯგუფების ასაყირავებელი რომ გახდები!!! ახია შენზე და იმსახურებ ამას ყველაფერს! 2012 წლის მერე, იმ კასრების ფაილების ნახვის შემდეგ, სადაც უამრავ დანაშაულებთან და სისაძაგლესთან ერთად, მსოფლიომ ნახა, როგორ ედგათ ნარები მწვალებელთა პარტიას და იქ ადამიანებს რას უშვებოდნენ და ამ საშინელებების ჩასადენად სამეგრელო ჰქონდათ შერჩეული! სამეგრელო, რომელიც თავისი კულტურით, ტრადიციით, ისტორიით, ბრძენი ხალხით, სტუმარ-მასპინძლობითა და ვაჟკაცობით გამორჩეული კუთხეა! ამ კადრებისა და ამ ფაქტის ნახვის მერე, როგორ შეგეძლო ზუგდიდელ კაცს, ამ მწვალებლებთან რამე საერთო გქონოდა?!“, – წერს ზარქუა სოციალურ ქსელში.

ბრიფინგზე ენმ-ის წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერი და ქმედითი უნდა იყოს, რადგან სააკაშვილის გათავისუფლებისა და ივანიშვილის დამარცხების ინსტრუმენტი ძლიერი ოპოზიციაა.

ნადირაძე ამბობს, რომ ბრიფინგზე გვერდით უდგანან ენმ-ის რეგიონულ ხელმძღვანელები და მათ მიაჩნიათ, რომ პარტიის გასაძლიერებლად საჭიროა შიდაპარტიული დემოკრატია და შიდაპარტიული არჩევნები ყველა დონეზე.

„ჩვენ ვითხოვთ, ჩატარდეს ყველა დონის არჩევნები. აირჩეს ახლიდან პოლიტიკური სამდივნო, პოლიტსაბჭო და, რაც ყველაზე მთავარია, ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები, რადგან ვფიქრობთ, ენმ-ის თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს ასობით ათასი ამომრჩევლის ლეგიტიმაცია, რათა ახალი ენერგიით, გეგმით, ბრძოლისუნარიანობით ვიბრძოლოთ. ვიცი, ჩემი ასობით კოლეგის აზრი და საჭიროა, ამ ადამიანებმა ეს აზრი დააფიქსირონ ღიად“, – განაცხადა ნადირაძემ.