პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობის” წევრები უმრავლესობის დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის მიერ მათ შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ. ასევე, შეეხნენ პროტესტს მათი ოფისების გახსნის თაობაზე.
„ხვალ რომ საქართველო რუსეთთან ომში ჩაებას, ვის მხარეს იბრძოლებთ? თუ ისევ დარჩებით საკუთარ ოფისებში?”, – ასე მიმართა ხუნდაძემ მათ პლენარული სხდომიდან.
15 მარტის გადაცემაში „ალტ-ინფოს” გადაცემის წამყვანმა თათია გაბრიჭიძემ ხუნდაძის განცხადება ასე წარადგინა:
„ჩვენ მიმართ, რომ გასაოცარ ოპერატიულობას გამოიჩენს გამოძიება, ეგაც ვიცით „5 ივლისის” მაგალითზე. რაც შეეხება „ოცნებას” როგორი დამოკიდებულება აქვს, ვფიქრობ, ძალიან კარგად გამოხატავს მათ დამოკიდებულებას ჩვენდამი უმრავლესობის დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის პოზიცია”, – განაცხადა გაბრიჭიძემ.
„ალტ-ინფოს” ერთმა-ერთმა წარმომადგენელმა, ირაკლი მარტინენკომ აღნიშნა, რომ ხუნდაძის შეკითხვის ფორმულირება დაუწუნა და აღნიშნა, რომ ეს სახიფათო რიტორიკაა. გადაცემაში „ქართული ოცნების” წევრს „ვითომ აჯანყებული მაჟორიტარი”, „ღორის ტილი“ და „მაიმუნიც“ უწოდეს.
„თუ ომი დაიწყო საქართველოსა და რუსეთს შორისო” – კონტრ-კითხვა ჩნდება ამის მიმართ, რაიმე ომზე წასვლას აპირებენ? ესენი ხომ ხელისუფლებაში არიან. ომის თავიდან არიდება ჩვენი სახელმწიფოს გადაწყვეტილებების შედეგად შეიძლება მოხდეს და ეს საკითხს ასე რატომ აყენებს? ომზე წასვლას აპირებს NATO-ს გულისთვის, როგორც ეს უკრაინაში მოხდა?
აქედან გამომდინარე დგას საფრთხე, NATO-ში თუ შედიხართ, ომი შეიძლება დაიწყოს, მაგას ვლაპარაკობთ. სახიფათო ხომ არ არის ასეთი რიტორიკა?!…
ძალიან სახიფათო სიგნალია, ეს რასაც [ამბობს]. იმედი მაქვს, სრული შემადგენლობა „ოცნებაში” ასეთი სრულიად უტვინო და სახიფათო პოზიციის მატარებელი არ არის.
ამას ახლა შეიძლება ქულების ჩაწერა მოუნდა, სოციალური კაპიტალის დაგროვება. და ახლა ეს ტალღაა და იმის ჭკუა არ ყოფნის, რომ გააანალიზოს, რა ხდება მსოფლიოში. საით მიდის მოვლენები ან ის ომი როგორ დამთავრდება.
…ჩვენ რატომ გვაკრიტიკებენ? რატომ ვატარებთ რუსეთთან დიალოგისა და საფრთხის გამორიცხვის პოლიტიკას, ანუ გაღიზიანებისა და დიალოგის უარყოფის პოლიტიკას რატომ არ ემხრობითო, მაგას ლაპარაკობს სინამდვილეში. მანდ „ალტ-ინფო” აღარ არის შუაში, მანდ საქართველოს უსაფრთხოების საკითხი დგას”, – ამბობს ირაკლი მარტინენკო.
საკითხზე პარტია „კონსერვატიული მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა გიორგი ქარდავამაც ისაუბრა.
„ღმერთმა არ ქნას, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ჩაბმა ვერ მოხერხდეს ამ გეოპოლიტიკურ ცივილიზაციათა შეჯახებაში. იმ გზას, რომელსაც ახლა უკრაინა გადის, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველომ თავიდან აირიდოს. მაგრამ ღმერთმა არ ქნას და თუ რაღაცა მოხდება, პირველ რიგში ეგეთი ლიბერალებისგან გავწმენდთ ქვეყანას. ახლა, მე ვიომო და ზურგში აქ ხუნდაძისნაირი ხალხი მართავდეს ქვეყანას, ნურას უკაცრავად. პირველ რიგში თქვენ მოგადგებით და ლიბერალებს კიდევ. ეგრე იქნება”, – ამბობს ქარდავა.