„ეს იქნება ყველაზე დიდი ბედნიერება და ღმერთმა მომასწროს, მოვესწრები რა თქმა უნდა ამას, რომ ჯანსაღი ძალით ჩანაცვლდეს „ქართული ოცნება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მან განავრცო თავის წერილში აღნიშნული წინადადება, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ოპოზიციაში გადანაცვლება და რომ ესაა მისი „ყველაზე მნიშვნელოვანი სამომავლო ოცნება”.
„ჩემი აზრით, იმდენად მომწიფდა ქართული საზოგადოება და იმდენი გამოცდილება მიიღო და იმდენად დაბრძენდა, რომ ქარაქუცა პარტიებით აღარ ჩაანაცვლებს „ქართულ ოცნებას”.
მე მხედველობაში მქონდა ის, რომ მათზე [„ქართულ ოცნებაზე”] ნიჭიერი პარტია გაჩნდეს, ვინც ჭეშმარიტად ქვეყანაზე ზრუნვით იქნება დაკავებული, რომ პირველ რიგში მოიტანს გონებრივ რესურსს, აჩვენებს გუნდურობას და აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებაზე” უფრო გამჭრიახია და უფრო სწორი მიმართულებით შეიძლება განავითაროს ჩვენი ქვეყანა.
დღევანდელი ოპოზიცია ნახეთ, აბა. აბა რა უნდათ თუ იცით დამატებით, ერთადერთი უნდათ, რომ „ქართულ ოცნებას” ფეხები მოატეხონ, ამ დაუსაბუთებელი, უარგუმენტო კრიტიკის იქით…
… რა თქმა უნდა, დრო თავისას იზამს, უფრო ნიჭიერი ხალხით დაკომპლექტებული ახალი ძალა გაჩნდება და ამას აჩვენებს საზოგადოებას, რომ უფრო კარგად, დალაგებიულად, გააზრებულად, მწყობრად შეუძლია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ატაროს.
აი, ამას რომ ჩაენაცვლება, აი, ასეთი ოპოზიცია არის სანატრელი, როგორიც „ქართული ოცნება”. „ქართული ოცნება” რომ ოპოზიციაში იქნება, ასეთივე მეთოდოლოგიით, ასეთივე მსოფლმეხვედლობით, ასეთივე განწყობით, როგორიც დღეს აქვს, რომ მოემსახუროს საკუთარ ხალხს, ეს იქნება ყველაზე დიდი ბედნიერება, და ღმერთმა მომასწროს და მოვესწრები რა თქმა უნდა ამას, რომ ჯანსაღი ძალით ჩანაცვლდეს „ქართული ოცნება”.
ოპონენტიც რომ ასეთი ჯანსაღი იქნება, და ოპოზიციაც იქნება ასეთი ჯანსაღი, გაცილებით სწრაფად მოხდება ქვეყნის განვითარება”, – განაცხადა ივანიშვილმა.