დღეს, 30 იანვარს, 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 15 პირის პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტის მთავარი ექსპერტი ოთარ ხაბურძანია დაიკითხა.
ექსპერტმა ტრასოლოგიური ექსპერტიზა ჩაატარა და შეაფასა პრეზიდენტის სასახლის ღობის დაზიანება.
ოთარ ხაბურძანიამ პროცესზე თქვა, რომ სასახლის ღობე ფიზიკური ზემოქმედების შედეგად დაზიანდა, აღენიშნებოდა ნატეხები და დეფორმაცია. ექსპერტის თქმით, ღობეს არც ერთ ადგილზე ჭრის კვალი არ ჰქონდა.
რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში
ექსპერტიზის დასკვნა 2025 წლის 16 ოქტომბრით თარიღდება.
დოკუმენტის მიხედვით, ექსპერტიზის წინაშე დასმული იყო შეკითხვა, პრეზიდენტის სასახლის ღობის 5 ფრაგმენტს აღენიშნებოდა თუ არა ჭრის კვალი. ექსპერტს უნდა ეს შეეფასებინა შსს-ს თანამშრომლების მიერ გადაღებული ფოტოსურათებიდან.
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ღობის სექციები დაზიანებულია – დეფორმირებულია, განცალკავებულია შედუღების ადგილებიდან და სამაგრებიდან.
დასკვნის მიხედვით, განცალკავება წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედებით [მაგ. მიწოლით], ტეხის შედეგად.
„პრეზიდეტის სასახლის 5 ცალ ლითონის ღობის ორნამენტულ სექციებზე არსებული დაზიანებები ტეხის და დეფორმაციის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად და არც ერთ მათგანზე ჭრის კვალი არ აღინიშნება“ , – წერია დასკვნაში.
შეკითხვაზე, როგორ მივიდა ამ დასკვნამდე, ექსპერტმა სხდომაზე განმარტა:
„ჭრის კვალი სხვანაირი არის, სწორხაზოვანი არის, შედუღების ადგილები მოტეხილი იყო და აქედან მივედი დასკვნამდე“, – თქვა ექსპერტმა.
დღევანდელ პროცესზე ორი ექსპერტი და დაზარალებული სტატუსის მქონე სპეცრაზმელი გამოიკითხა.
15-პირიანი საქმის ბრალდებულები არიან:
დავით ჟღენტი, ალექსანდრე გოგოლაძე, კახაბერ მჟავანაძე, ევა შაშიაშვილი, დავით სტურუა, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, კოსტანტინე კოკაია, გიორგი ჩახუნაშვილი, ზაქრო ალბუთაშვილი, ია დარახველიძე, დათო ღურწკაია, გენადი კელიხაშვილი, რამაზ ჯორბენაძე და ჯანდრი თირქია.
მათ ბრალი სხვადასხვა მუხლით აქვთ წარდგენილი. კერძოდ:
დავით ჟღენტი, ალექსანდრე გოგოლაძე, კახაბერ მჟავანაძე, ევა შაშიაშვილი, დავით სტურუა, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, კოსტანტინე კოკაია, გიორგი ჩახუნაშვილი, ზაქრო ალბუთაშვილი, დათო ღურწკაია, გენადი კელიხაშვილი, რამაზ ჯორბენაძე, ჯანდრი თირქია:
- · სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად;
- ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა;
ია დარახველიძე:
- · ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა;