ღრმად ვარ დარწმუნებული, ამ ქვეყნის მთავარი მამოძრავებელი ძალა ქალების ხელშია - ზურაბიშვილი

პუბლიკა

„მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ქვეყნის მთავარი მამოძრავებელი ძალა ქალების ხელშია. შესაძლოა, დღეს სტატისტიკაში არ ჩანს, რომ ქალებს მიჰყავთ ეს ქვეყანა, მაგრამ ჩვენ თუ გადავხედავთ იმას, თუ სად არის ინოვაცია, გამბედაობა, მეტი პირადი ინიციატივა, დავინახავთ, რომ ეს ქალების ხელშია“,- განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქალ მეწარმეთა პროდუქციის პირველი გამოფენის გახსნაზე.

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ არაფერი აღარ გვაქვს გასაკეთებელი და ამით უნდა დავკმაყოფილდეთ, ცხადია, არა, რადგან პრობლემებიც ძალიან ბევრია და შემიძლია რამდენიმე დავასახელო: პირველ რიგში, ალბათ, ეს არის ფინანსურ რესურსზე წვდომა – წვდომა კრედიტებზე. სადაც ვხდები ქალ მეწარეემს, პირველი საკითხი და პირველი წუხილი სწორედ ესაა. პირველადი კრედიტები ზოგჯერ ხელმისაწვდომია, თუმცა შემდგომი განვითარების ფინანსურ რესურსთან დაკავშირებით, რაც ნებისმიერ საწარმოს სჭირდება შემდეგ საფეხურზე გადასასვლელად, უკვე ჩნდება კანონმდებლობის, თუ სხვა პრობლემები – მივმართავ პარლამეტს, რადგან ძალიან ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქალებს ფინანსურ საშუალებებზე მეტი წვდომა ჰქონდეთ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ნებისმიერი საწარმო იმ განზომილებაში გადავიდეს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ნამდვილი ძრავა გახდეს.

მეორე საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რეგიონებში ქალთა გაძლიერებაა, რადგან ისინი რეგიონებში ძალიან დიდ ძალას და შესაძლებლობას წარმოადგენენ. ხშირად ვხედავთ, მაგალითად, თუ ვინმე ბრუნდება მთიან რეგიონებში – ქალი ბრუნდება, თუ ვინმე მუშაობს  რთულ პირობებში – ქალი მუშაობს, თუ ვინმე წავიდა დიასპორაში – ქალები წავიდნენ და სწორედ იქიდან ეხმარებიან თავიანთ ოჯახებს და აქ გახსნილ საწარმოებს, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება გაიზარდოს თანამშრომლობა დიასპორასა და ქალ მეწარმეებს შორის“,- განაცხადა პრეზიდენტმა.