თბილისის მერია „ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას კვლავ 70 000 ლარით დააფინანსებს. ამის შესახებ დღეს კახა კალაძემ განაცხადა.
„მინდა, შევეხო ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას, რომელიც წელსაც დაფინანსდება – ეს არის ღვიძლის გადანერგვის პროგრამა. იცით, რომ თბილისის მერიის „ტრანსპლანტაციის პროგრამას“ თბილისის მთავრობაში ჩვენი გუნდის მოსვლის შემდეგ ღვიძლის გადანერგვის კომპონენტი დაემატა.
2018 წლიდან დღემდე, საქართველოში ღვიძლის გადანერგვა უკვე დაუფინანსდა 34 მოქალაქეს, რაც 34 გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს. თბილისის მერია ერთ მოქალაქეს ღვიძლის გადანერგვას თავდაპირველად, 60 ათასი ლარით უფინანსებდა, შემდეგ კი თანხა გავზარდეთ და 2019 წლიდან ერთი ბენეფიციარისთვის 70 ათასი ლარი გამოიყოფა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ეს არის საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაცია, რომლის ღირებულება 120 000 ლარია, საიდანაც 70 000 ლარს დედაქალაქის მუნიციპალიტეტი აფინანსებს. აღნიშნული პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს.