ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა?! ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?! - პაპუაშვილი

პუბლიკა

„უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით არანაირი ნეგატიური გადაწყვეტილების მოლოდინი არ მაქვს – ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა? ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?!“ , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით არანაირი ნეგატიური გადაწყვეტილების მოლოდინი არ მაქვს. თუმცა ეს ძალიან სწორი აქცენტია იმისთვის, რომ მივხვდეთ საით იყურება ევრობიუროკრატია. ეს ეხება 61 ქვეყანას და ეს არის ინსტრუმენტი პოლიტიკური ზეწოლისა და შანტაჟისთვის. როგორც ჩანს, დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიის ნაწილს სურს, რომ ჰქონდეს ბერკეტები სხვა ქვეყნებზე გავლენის მოსახდენად.

ხალხი, რომელიც გველაპარაკება ევროპულ ღირებულებებზე და სიტყვა ღირებულება რომ ძალიან მოსწონთ, ასე ცივსისხლიანად, პრაგმატულად ხალხზე ზეწოლით ფიქრობს ხელში ჰქონდეს ინსტრუმენტი, რომ გავლენა მოახდინოს სხვა ქვეყნების პოლიტიკაზე. ამასაც უნდა შევხედოთ ძალიან რაციონალური თვალით. რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებით, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

დღეს ვუსმენდი გერმანიის ელჩის ინტერვიუს, რომელმაც თქვა, რომ ვიზა, ეს არის პრივილეგია, უნდა დავაფასოთო. სიმართლე გითხრათ, ცოტა ეს აროგანტულობა სამწუხაროდ ახასიათებს გერმანიის ელჩს. ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა?! ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?!“

პაპუაშვილი ამბობს, რომ დღეს რომ ევროკავშირის ეკონომიკის ზრდა 1%-ია და საქართველოში კი 10%, ეს იმიტომაც, რომ საქართველოს “ეკონომიკურად სწორად ვფიქრობთ”, ხოლო თუ ვიზები ჩაკეტეს, ტურისტი არ შეუშვეს, მათ ეს ზრდაც არ ექნებათ.

„ბოდიში მომითხოვია ყველასთან, მაგრამ ეს უვიზო მიმოსვლა გულისხმობს ქართველი ტურისტის წასვლას გერმანიაში, საფრანგეთში, იქ ფულის დახარჯვას და იქაურ ეკონომიკაში ფულის შეტანას. დღეს რომ ევროკავშირის ეკონომიკის ზრდა 1%-ია და საქართველოში 10%, ეს იმიტომ არის, რომ ჩვენ ეკონომიკურად სწორად ვფიქრობთ. თუ ვიზები ჩაკეტეს, ტურისტი არ შეუშვეს, რომელიც ფულს ხარჯავს იმ ქვეყანაში, ესეც არ ექნებათ. ქართველი ხალხი ამაზეც უნდა დავფიქრდეთ. არის მცდელობა ადამიანების ემოციებზე ითამაშონ, რომ მერე ვიზა გექნება ასაღები და ვეღარ ჩახვალ ბერლინსა, თუ ფრანკფურტშიო. ეს 21-ე საუკუნის პოლიტიკას ეკადრება?! ეს არის ასი წლის წინანდელი მეთოდები, როდესაც ცდილობდნენ სხვა ქვეყნებზე გავლენა მოეხდინათ“, – აცხადებს პაპუაშვილი, რომლის კომენტარსაც „იმედი” ავრცელებს.

პაპუაშვილის ამ განცხადებას მალევე მოჰყვა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის სოზარ სუბარის კომენტარი, გავრცელებული თავისივე ოფიციალურ „ფეისბუკ“ გვერდზე:

 „ნამდვილად არ აქვს ისეთი ცუდი წარმოდგენა ქართველ ხალხზე, რომ მისთვის ვიზალიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე იმ ანტიეროვნულ და ანტიქრისტიანულ პოლიტიკაზე უარის თქმა, რომლის თავსმოხვევასაც „დიფ სთეითი” ცდილობს.“

დღეს უკვე იმავე შინაარსის განცხადება გაავრცელა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა წინო წილოსანმა:

„უვიზო მიმოსვლა ნამდვილად კომფორტულია, და ეს კომფორტი ჩვენ დავიმსახურეთ ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში — ყველა იმ განსაზღვრული ეტაპის გავლით, რაც ევროკავშირმა დაგვიწერა. შესაბამისად ის ტყუილად არავის მოუცია… თუმცა, თუ კომფორტი წინააღმდეგობაში მოდის პატრიოტიზმთან, ქართველი ხალხი ყოველთვის რჩებოდა და დარჩება თავისი ქვეყნის პატრიოტად” – წერს წილოსანი.

დღეს პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია. გახარია ფიქრობს, რომ „ოცნება“ ცდილობს „წინასწარ შეგვაგუოს ევროპაში თავისუფალი, უვიზო მიმოსვლის დაკარგვას.“

„გამოცხადებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში „ოცნება“ ცდილობს წინასწარ შეგვაგუოს ევროპაში თავისუფალი, უვიზო მიმოსვლის დაკარგვას და ამას აბრალებს ყველას საკუთარი თავის გარდა. ჩვენ ყოველთვის ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ საქართველოს მიღწევის – ევროპაში თავისუფალი უვიზო მიმოსვლის დასაცავად“,- წერს გახარია.