გია ბუღაძის თქმით, თსუ-ში ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს

პუბლიკა

მხატვარ გია ბუღაძის თქმით, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს, თსუ-ში ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს. გია ბუღაძემ ინფორმაცია „პუბლიკას“ დაუდასტურა.

გია ბუღაძე „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ წელს, შემოდგომის სემესტრში უნივერსიტეტში ლექციების კითხვა გააგრძელა, მაგრამ ადმინისტრაციამ ახალი ხელშეკრულება აღარ შესთავაზა. ხოლო როცა სემესტრის დაწყებიდან თითქმის 3 თვის შემდეგ ადმინისტრაციაში პასუხი ისევ ვერ მიიღო, უხანგრძლივებდნენ თუ არა ხელშეკრულებას, უნივერსიტეტიდან წამოვიდა.

„ყოველ სემესტრში იდება ახალი ხელშეკრულება, მოწვეული სპეციალისტი ვარ, ასეთი ფორმაა. ასე ვარ უკვე 16 წელია, 32 სემესტრი. პირველი ორი კვირა ყოველთვის ისეა ხოლმე და მერე მოვიკითხე, ნიშანი ხომ უნდა დავწერო. ხელფასი არ იყო გადამწყვეტი, რადგან მიზერულია ეს ხელფასი. მითხრეს, რომ ერთი 10 კვირა გვინდა და ყველაფერს დავალაგებთო.

გავიდა ერთი კვირა, მეორე, მესამე და მივხვდი, რომ აქ სხვა რაღაც ხდებოდა. გავიკითხე, არავინ არაფერი არ იცის. მივხვდი, რომ ეს არის ჩემი გაშვებისთვის და პირდაპირ არ ამბობენ. მეც ავდექი და წამოვედი. ჩავატარე 11 კვირას, ორი ჯგუფი მყავდა და ორ-ორი ლექცია მათთან, მერე გადავწყვიტე, რომ შემეწყვიტა, ნიშანსაც ვერ დავწერდი. ჩანდა, რომ ჩემი გაგდება უნდოდათ და წამოვედი. მე არ მიხმაურია, მაგრამ სტუდენტებმა გაავრცელეს ინფორმაცია“, – ამბობს გია ბუღაძე „პუბლიკასთან“.

გია ბუღაძე ამბობს, რომ თსუ-ში უკვე 16 წელია ასწავლის, სტუდენტებთან პრობლემა არ შექმნია და ფიქრობს, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, ხელშეკრულების არ გაგრძელების მიზეზი, სავარაუდოდ ისაა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უჭერს მხარს.

„ვუკავშირებ იმას, რომ „ქოცი“ არ ვარ. მეტი არაფერი. პოლიტიკური გადაწყვეტილებაა იმიტომ, რომ მე გამოკვეთილად არ ვარ „ქოცი“ და არ მიყვარს ისეთი რაღაცები, რაც არ მომწონს ჩემს ქვეყანასთან მიმართებით“, – ამბობს ბუღაძე.

„პუბლიკა“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ცდილობს დაკავშირებას და მათი პოზიციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.