გია დვალი რუსულ კანონზე: კატასტროფაა, ეს არის კონტროლის მექანიზმი

პუბლიკა

მეცნიერი და ფიზიკოსი გია დვალი ეხმაურება რუსულ კანონს და მას „კატასტროფას” უწოდებს. ის აღნიშნავს, რომ სწორედ ასე იწყება ტოტალიტარული კონტროლი. ამის შესახებ მან გიორგი თარგამაძის ფორმულას ეთერში ისაუბრა.

„არ ველოდი, რომ ამ კანონის ინიციირება მოხდებოდა, თუმცა რაღაც სიურპრიზები ყოველთვის მოსალოდნელია. გასაგებია, ამერიკამ საერთოდ რომ არაფერი არ გვითხრას და იგივე, ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა, ჩვენ ხომ გვესმის ეს კანონი რამხელა კატასტროფაა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმას, რომ ერთხელ იყო უკვე მიღებული და გაიწვიეს, მაგას კავშირი არ აქვს გამჭვირვალობასთან. სახელებს რომ თავი დავანებოთ, ეს არის კონტროლის მექანიზმი.

ერთ-ერთი არგუმენტი მომისმენია, რომ გამჭვირვალობა ცუდია? რა თქმა უნდა, ის ცუდია, რომ გამჭვირვალობა რაღაც საზღვრის შემდეგ გამჭვირვალეობა გადადის ტოტალურ კონტროლში. მაგ ლოგიკით, საერთოდ არ უნდა გქონდეს პირადი სივრცე… რა თქმა უნდა, ეს კონტროლში გადადის და აკისრებს მოქალაქეებს ვალდებულების ტვირთს, რომ რაღაც სახელი დაირქვან.

სახელიც აბსოლუტურად კატასტროფაა, წარმოიდგინეთ, ადამიანს გრანტი აქვს, სოფლის მეურნეობაში რაღაცას აკეთებს, რაღაც მყინვარებს იკვლევს..ყოველგვარი პროპორციიდან არის გამოსული და ემსახურება კონტროლს. ვიცით, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები საითკენ მიდის, სულაც რომ არ გვქონდეს რუსეთის მაგალითი, ტოტალიტარული კონტროლი ასე იწყება”, – განაცხადა მან.

„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.

მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით, ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.

პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.