უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ნინო სანდოძეს დეპუტატებმა ლევან იოსელიანმა და ფრიდონ ინჯიამ მის მიერ განხილულ გია გვიჩიანის და ნიკა ჩემიას საქმეზე დაუსვეს შეკითხვები და ის გამოტანილი უვადო განაჩენის გამო გააკრიტიკეს. დეპუტატმა ლევან იოსელიანმა მოსამართლეს ჰკითხა, იმსახურებს თუ არა ამ განაჩენის გამომტანი მოსამართლე უზენაესის უვადო მოსამართლეობას ხოლო ფრიდონ ინჯიამ პირდაპირ თქვა, რომ ნინო სანდოძეს არ უნდა ჰქონდეს უზენაესში განწესების სურვილი.
„გია გვიჩიანს და ნიკა ჩემიას უვადო პატიმრობა მიუსაჯეთ, შემდეგში ეს ადამიანები გამართლდნენ, მათ ციხეში 11 წელზე მეტ ხანს მოუწიათ ყოფნა. შეიძლება მოხდეს შეცდომა, მაგრამ თვლით, რომ როცა ასეთი მძიმე შეცდომა აქვს დაშვებული მოსამართლეს, ვისი გადაწყვეტილებითაც 11 წელი მოუწიათ უდანაშაულოდ ციხეში ჯდომა, იმსახურებს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობას?“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ნინო სანდოძე: შეკითხვა ვფიქრობ, რომ არასწორად არის ფორმულირებული, იქიდან გამომდინარე, რომ მოსამართლეს ამ საქმეზე შეცდომა არ დაუშვია და განგიმარტავთ – რატომ.
ლევან იოსელიანი: ანუ იმსახურებდნენ ეს ადამიანები უვადო პატიმრობას?
ნინო სანდოძე: 2017 წელს ჩატარებული ახალი გამოძიებით გამოიკვეთა ახალი მტკიცებულებები, რომლებმაც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში გამოიწვია ის, რომ ეს განაჩენი გადაისინჯა. თქვენ მიუთითეთ – „მოსამართლე, რომელსაც ასეთი შეცდომა აქვს დაშვებულიო“ – არცერთი პროცენტით არ ვთვლი, რომ მე შეცდომა დავუშვი ამ საქმეზე და განგიმარტავთ – რატომ. საქმეში არსებობდა უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც გამოვიდა გამამტყუნებელი განაჩენი, ეს განაჩენი იმ წლებში გადასინჯა სააპელაციო სასამართლოს სამმა მოსამართლემ, უზენაესი სასამართლოს სამმა მოსამართლემ“, – განაცხადა სანდოძემ, რასთან დაკავშირებითაც მას იოსელიანმა უპასუხა, რომ „საქმეც იმაშია, რომ ეს საქმეები იმ წლებში გადაისინჯა.
ნინო სანდოძე: […] 6-მა მოსამართლემ გადასინჯა იმ წლებში და არცერთს არ უთქვამს, რომ აქ არ იყო დანაშაულის შემადგენლობა და მოსამართლემ შეცდომა დაუშვა. თქვენ ვერ მეტყვით, რომ სტრასბურგის სასამართლომ რაიმე უფლებების დარღვევა დაადგინა სამართალწარმოების პროცესში.
„თქვენი მსჯელობა მიმართულია იქითკენ, რომ ეს იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, რაც თქვენ მიიღეთ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა, რაზეც მან მოსამართლის თანხმობა მიიღო.
ამავე თემაზე ისაუბრა დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამაც: „11 წელი საპყრობილეში და აღმოჩნდა, რომ ის უდანაშაულოა. გამაგებინეთ, ხალხო, რაზე უნდა იყოს საუბარი? და ის რომ იჯდა 11 წელი, გარკვეული წვლილი მიგიძღვით. მე ვფიქრობ, თქვენ არ უნდა გაგეკეთებინათ ეს, არ უნდა გადაგეწყვიტათ, რომ ამის შემდეგ იყოთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი. ასეთი რამე, რაღაცა წვლილი ხომ მიგიძღვით ამაში? 11 წელი, წარმოიდგინეთ, ისე კი არა, როგორც ახლა გორში ატარებენ და 10 კაცი ჰყავთ ექიმი და დღეში 25 მნახველი, ის იჯდა, კითხეთ, რა პირობებში იყო ის. სირცხვილია ქვეყანაში ასეთი საერთოდ განიხილებოდეს, ეს იქნება, მაგალითად, ხმა რომ მოგცეთ მმართველმა პარტიამ, ეს იქნება სირცხვილი მმართველი პარტიის“, – განაცხადა ინჯიამ, რომელმაც მის ამ რეპლიკაზე მოსამართლეს პასუხის გაცემის საშუალება არ მისცა.
ფრიდონ ინჯიას განცხადებას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პოლიტიკური კულტურა და მოსამართლისადმი პატივისცემა დეპუტატებმა უნდა გამოიჩინონ და დაიცვან ზღვარი კრიტიკულ შეკითხვასა და შეურაცხყოფას შორის.
სწორედ კომიტეტის თავმჯდომარემ მისცა მოსამართლეს საშუალება, ესაუბრა ამ საკითხზე.
მოსამართლის თქმით, პასუხს აგებს ყველა თავის გადაწყვეტილებაზე, რადგან ის არ არღვევდა კანონმდებლობას.
სანდოძის განცხადებით, სახელმწიფო მიიღებს შეშინებულ მოსამართლეებს, თუ მოსამართლეები იმის შიშით ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომ მომდევნო წლებში რამე ახალი მტკიცებულება გამოვლინდება.
„ცალსახად ვაფიქსირებ, მტკიცებულებები, რომლებიც არსებობდა 2006 წელს, დღევანდელი სტანდარტითაც კი იძლევა საფუძველს, გამოტანილი იქნას გამამტყუნებელი განაჩენი ამ საქმეზე. რა მოხდა 2006 წლის შემდგომ – ჩატარდა გამოძიება, რომელმაც მოიპოვა ახალი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელმაც საფუძველი შეირყია 2006 წელს არსებულ მტკიცებულებებს. მოსამართლე ვერ გათვლიდა 2006 წელს, რომ შემდგომში ახალი მტკიცებულებები გამოჩნდებოდა ამ საქმეში. მე ავიღებდი პასუხისმგებლობას და თქვენს შენიშვნასაც გავითვალისწინებდი იმ შემთხვევაში, თუ 1%-ით მაინც ჩავთვლიდი, რომ არასწორი გადაწყვეტილება მივიღე მტკიცებულებების საფუძველზე“, – განაცხადა ნინო სანდოძემ.
„ეი-ეს-თელასის“ ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობაში მსჯავრდებული პირები გია გვიჩიანი და ნიკა ჩემია 11-წლიანი პატიმრობის შემდეგ, 2017 წელს უდანაშაულოდ ცნეს.
მათ 2006 წელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ, 2014 წელს კი მათი მსჯავრი 15 წლამდე შემცირდა.