„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ჯაფარიძე აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის დროს მასზე თავდასხმა ჯერ ისევ გამოუძიებელია და შსს-ს თავდამსხმელი გამოვლენილი არ ჰყავს.
„დაახლოებით ოთხი თვის წინ ჩემზე იყო თავდასხმა, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ანგარიშსწორებას, საქართველოს პროკურატურის მიერ მე ცნობილი ვარ დაზარალებულად, მაგრამ ოთხი თვის განმავლობაში გამოძიება ვერაფერს მეუბნება ახალს. ჩემს ადვოკატებს აქვთ კომუნიკაცია გამომძიებლებთან, მაგრამ არც დამნაშავეები არიან გამოვლენილი, არც ვინმე დაუკავებიათ და მეტიც: „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა შერჩევითი ამნისტია, რომლის საფუძველზეც შესაძლოა, ამ დანაშაულის ჩამდენი პირებიც გათავისუფლდნენ.
ამ ხნის განმავლობაში მე და ჩემი ადვოკატები ვითხოვდით იმ ჩანაწერებს, რომლებიც ამოღებული აქვს კრიმინალურ პოლიციას, ასევე ჩვენი კორპუსის ჩამწერი სისტემის მასალას, ჩემს პირად ნივთებს, რომლებიც, როგორც კრიმინალური პოლიციის გამომძიებლები ამბობენ, ჯერ კიდევ ექსპერტიზის ბიუროშია“, – განაცხადა ჯაფარიძემ ბრიფინგზე, რომელიც ადვოკატთან ერთად შსს-სთან გამართა.
8 მაისს ცნობილი გახდა, რომ გია ჯაფარიძეს თავს დაესხნენ.
„ორი ნამდვილად მახსოვს, შეიძლება სამი ან მეტი იყო თავდამსხმელი. სახლთან დამხვდნენ. პირდაპირ ცემა დაიწყეს, ბევრი მირტყამდა რაღაც ჯოხებს – ამბობდნენ, რატომ ვეწინააღმდეგები რუსულ კანონს“, – განუცხადა გია ჯაფარიძემ მედიას.