გია კავთელიშვილი IBSU-ს 51%-იანი წილის მფლობელი გახდა, კახა შენგელია - 49%-ის

პუბლიკა

დღეს, 2 ოქტომბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიყიდა. ის თურქმა და გერმანელმა მეწილეებმა დათმეს, ახალი მფლობელები კი კავკასიის უნივერსიტეტის დამფუძნებელი, კახა შენგელია და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის” (სეუ) რექტორი, გია კავთელიშვილი გახდნენ.

ახლა შენგელია 49%-იან წილს ფლობს, კავთელიშვილი – 51%-ს.

გაყიდვის შემდეგ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აღარ იქნება თურქული „ჩაღლარის” საგანმანათლებლო ქსელის ნაწილი.

მას შემდეგ, რაც 2016 წელს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო, ხოლო ერდოღანის ხელისუფლებამ ამაში ფეტულა გიულენი დაადანაშაულა, ამ უკანასკნელთან ასოცირებული სკოლები და უნივერსიტეტები საქართველოშიც იხურება. მათ შორის, 2017 წელს ფუნქციონირება შეწყვიტა დემირელის სკოლამ. თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ „ჩაღლარის” საგანმანათლებლო ქსელს კავშირი აქვს ტერორისტულ ორგანიზაციასთან.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 1995 წელს გაიხსნა.