გია ქარჩხაძე კონკურსის, „ოქროს ბუმბულის“ შესახებ

რეკლამა

ქარჩხაძის გამომცემლობა  უკვე მეორედ მართავს საბავშვო ლიტერატურის კონკურსს, სახელწოდებით „ოქროს ბუმბული“. კონკურსის დამფუძნებელი გია ქარჩხაძე „პუბლიკას“ კონკურსის დაფუძნების ისტორიასა და მის იდეაზე ესაუბრა.

ქარჩხაძე აცხადებს, რომ ქართულ საბავშვო ლიტერატურას სერიოზული მხარდაჭერა სჭირდება, ბავშვებისთვის უნდა იწერებოდეს ბევრი ორიგინალური ტექსტი და ბევრი ახალი ავტორი უნდა გამოდიოდეს ასპარეზზე. ამ კონკურსის მიზანიც სწორედ ეს არის.

გია ქარჩხაძე აცხადებს, რომ „ოქროს ბუმბული“ გამოუქვეყნებელი, ხშირად კი ჯერაც დაუწერელი ტექსტების კონკურსია.

„მე უკვე მესამედ ვადევნებ თვალს ამ კონკურსის მიმდინარეობას. ავტორების გარკვეული რაოდენობა სწორედ ამ კონკურსისთვის იწყებს ხოლმე წერას, რასაც ხშირ შემთხვევაში არცთუ ცუდი შედეგი მოაქვს.

კონკურსის ისტორია 90-იანი წლების შუიდან იწყება, როდესაც ოთხი მეგობარი – მე, ბაკურ სულაკაური, თამრიკო ლებანიძე და ოთარ ყარალაშვილი, ერთობლივი ძალისხმევით გამომცემლობა „დიოგენეს“ ვაფუძნებდით. იმ წლებში მე პარალელურად ჯგუფ Soft Eject-თან ერთად გერმანიაში დავეხეტებოდი და ათას რამეს ვედებოდი, მათ შორის, გერმანულ გამომცემლობებთან ვცდილობდი კონტაქტების დამყარებას.

ერთ-ერთ გამომცემლობასთან სწორედ ასეთი საბავშვო კონკურსის ერთობლივად ჩატარებაზე მქონდა საუბრები, თუმცა უშედეგოდ. საუბარს ჩემი მცდელობების შესახებ ჩვენმა გერმანელმა მასპინძლებმა მოჰკრეს ყური, ძალიან დაინტერესდნენ, გამომკითხეს ყველაფერი და საბოლოოდ გადმომცეს თანხა – სრული საპრემიო ფონდი. ასე რომ, ჩამოვედი გერმანიიდან თანხით ხელში და კონკურსიც ჩავატარეთ. შეიძლება არ იცოდეთ, რომ დავით ზურაბიშვილის „მოგზაურობა სიზმარეთში“, რომელმაც პირველი პრემია აიღო და ზაზა თვარაძის „მონტებულსუ“ სწორედ ამ კონკურსისთვის დაიწერა.

ამის შემდეგ მრავალი წელი გავიდა, „დიოგენეს“ ოთხი დამფუძნებლიდან ოთხივემ ცალ-ცალკე გამომცემლობა დავაფუძნეთ. კონკურსს რაც შეეხება, მისდამი ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა, და როგორც კი საშუალება მომეცა, 2008 წელს, უკვე „ქარჩხაძის გამომცემლობაში“ ანალოგური ტიპის კონკურსს ჩავუყარე საფუძველი და „ოქროს ბუმბული“ დავარქვი“, – ამბობს ის.

კონკურსში მიიღება ქართულ ენაზე დაწერილი, გამოუქვეყნებელი, ორიგინალური საბავშვო ნაწარმოებები. კონკურსის დამფუძნებლის თქმით, 2020 წლის „ოქროს ბუმბული“ პრიზს სამ ნომინაციაში გასცემს –  საუკეთესო საბავშვო რომანი; საუკეთესო საბავშვო მოთხრობების კრებული; და საუკეთესო ნახატებიანი წიგნი.

„ბოლო ნომინაციაზე გავამახვილებ ყურადღებას: ნახატებიანი წიგნი, რომელიც ინგლისური Picture book-ის ქართული შესატყვისია, და რომელსაც საქართველოში არცთუ დიდი ტრადიცია აქვს, უაღრესად მნიშვნელოვანია ბავშვის ადრეული განვითარების საფეხურზე. ეს არაა უბრალოდ ილუსტრირებული მოთხრობა, აქ ნახატს შეიძლება ბევრად დიდი ადგილი ეჭიროს, ვიდრე ტექსტს, და გაცილებით მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდეს, ვიდრე ეს მხოლოდ თხრობის ილუსტრირებაა. აქ თავს იყრის როგორც ესთეტიკური მხარე, ასევე შემეცნებითი ნაწილი, ბავშვისთვის მისაღები გარემო და რეალიები და, რაღა თქმა უნდა, გართობა. ნახატებიანი წიგნი შეიძლება შეიქმნას ავტორისა და ილუსტრატორის ერთობლივი მუშაობით, თუმცა ხშირად გვხვდება წარმატებული პრეცედენტები, როცა მთხრობელი თავადაა მხატვარიც. საქართველოში ნახატებიანი წიგნების გამოცემას დიდი ისტორია არ აქვს, თუმცა ვფიქრობ, რომ უკვე დროა ქართველმა მთხრობელებმა და ილუსტრატორებმა ბევრი ასეთი წიგნი შექმნან“, – ამბობს გია ქარჩხაძე.

გია ქარჩხაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია თანამედროვე საბავშვო წიგნები ქართველი ავტორების მიერ ქართულ ენაზე  იწერებოდეს, რომ საბავშვო ლიტერატურის სფერო მისახედია და იმედს გამოთქვამს, რომ კონკურსი „ოქროს ბუმბული“ მწერლების წახალისების შესაძლებლობას იძლევა და ამ პროცესში მასაც შეაქვს წვლილი.

„და მაინც, რატომაა მნიშვნელოვანი ქართველი ავტორის მიერ, ქართულ ენაზე დაწერილი თანამედროვე საბავშვო წიგნები? ამას, ალბათ, ორი მხარე აქვს. პირველია ენა, რომელზეც ვმეტყველებთ და ვწერთ, და რომელსაც განვითარების (რომ არ ვთქვათ, შენარჩუნების) მხრივ, დიდი გამოწვევები აქვს.

მწერალს შეუძლია შექმნას, გაამდიდროს და განავითაროს ენა ორიგინალური ტექსტების მეშვეობით, რაც ნაკლებად შეუძლია მთარგმნელს. ბავშვი სალიტერატურო ენას, პირველ რიგში, საბავშვო წიგნებიდან ეცნობა. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ მას ცოცხალი, კრეატიული, თანამედროვე ენობრივი გარემო დახვდეს. მეორე მნიშვნელოვანი მომენტი, თუ რატომაა ორიგინალური ქართული ტექსტები ასე მნიშვნელოვანი ბავშვებისთვის, ალბათ არის იდენტობის ჩამოყალიბება.

როდესაც ბავშვს (გინდაც მოზრდილს) ამბავს უყვები, ყოველთვისაა რაღაც „თქვენი“, რაღაც ისეთი, რომელსაც „სხვა“ ვერ გაიგებს, გამომდინარე შენი ისტორიიდან, დღევანდელი ყოფიდან, არსებული პრობლემიდან, რომელიც, რა თქმა უნდა, საერთო და ხშირად ზოგადსაკაცობრიო თუ გლობალურიცაა, მაგრამ ყოველთვის ახლავს რაღაც „აქაური“, უნიკალური, რაც ქართულ კულტურას სხვა კულტურებისგან განასხვავებს და რაც საბოლოო გამოხატულებას იდენტობაში ჰპოვებს. ეს ძალიან საგრძნობია მსოფლიოს სხვადასხვა, მაღალი კულტურის მქონე ქვეყანაში, განსაკუთრებით კი მცირერიცხოვან ერებში. საბავშვო ლიტერატურის მასიურ ნაკადს ბუნებრივად არსებული ნიჭი და განსაკუთრებული ხელშეწყობის გარემო ერთობლივად ქმნის. საქართველოში, ბევრ სხვა რამესთან ერთად, ეს სფეროც მისახედია, და საბავშვო ლიტერატურა მნიშვნელოვნადაა გასამდიდრებელი. იმედი მაქვს, ამ პროცესში კონკურსი „ოქროს ბუმბული” თავის მოკრძალებულ წვლილს შეიტანს“, – განაცხადა გია ქარჩხაძემ.

საკონკურსო ნაწარმოებები მიიღება 24 სექტემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, მხოლოდ ელექტრონულად, მისამართზე – oqrosbumbuli@karchkhadze.ge

კონკურსის შესახებ ყველა დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ქარჩხაძის გამომცემლობის ფეისბუქ- და ვებგვერდზე.

გაამდიდრე ბავშვის ჯადოსნური სამყარო, გახდი „ოქროს ბუმბულის” მფლობელი! პროექტის ხელშემწყობები არიან:

თბილისის მერია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

საინფორმაციო მხარდამჭერი: ტელეკომპანია „ფორმულა“