რა თქმა უნდა, ამას დავადასტურებთ, რომ ნამდვილად შედგა ბატონი გოგაშვილის შეხვედრა მისი ოჯახის წევრებთან, მისივე თხოვნითა და კანონმდებლობის სრული დაცვით, – ამის შესახებ მედიასთან საუბრისას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს.
მისი თქმით, ამ საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს და მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ პაემნით სარგებლობა კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა.
„აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ბატონი გოგაშვილი ძალიან დიდ მადლიერებას გამოხატავდა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიმართ. მისი ქცევაც იყო ძალიან დადებითი და გარკვეული წახალისების სახით იყო [პაემანი]”, – ამბობს მინისტრი.
რაც შეეხება გოგაშვილის განცხადებას, რომ ის საშხაპეში გაიყვანეს, სადაც ტელეფონით შს მინისტრი ვახტანგ გომელაური გაესაუბრა და დაემუქრა, ბრეგაძე აცხადებს:
„პენიტენციურ დაწესებულებაში აბსოლუტურად ყველა ქმედება ხორციელდება კანონის საფუძველზე, ვერცერთი უკანონო ქმედება იქ ვერ განხორციელდება… გიდასტურებთ იმას, რომ ნამდვილად მოხდა შეხვედრა მისი და მისი ოჯახის წევრებს შორის… მე გიდასტურებთ ერთადერთს, რომ შეხვედრა შედგა მის ოჯახის წევრებთან… ისიც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გვამოძრავებს ჰუმანური მიზნები, ორიენტირებული ვართ ადამიანის უფლებების დაცვაზე… შეხვედრა ემსახურებოდა ასევე იმას, რომ ოჯახის წევრებიც დარწმუნებულიყვნენ, რომ მის უსაფრთხოებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება…
დანარჩენი ახლა, ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება განაცხადოს ათასი რამ…
…ზოგადად ყველა პატიმარი სარგებლობს საშხაპეში შესვლის უფლებით, მათ შორის ბატონი გოგაშვილი. შესაძლოა, მან ისარგებლა ამ უფლებით და იყო შესული საშხაპეში”, – აღნიშნა ბრეგაძემ.
სოსო გოგაშვილის ადვოკატების განცხადებით, სოსო გოგაშვილს ციხეში მობილური ტელეფონით დაუკავშირდა უშუალოდ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და პირადად დაემუქრა.
ადვოკატები მიუთითებენ, რომ გოგაშვილს ოჯახის წევრების ნახვის უფლება კანონიერად არ ჰქონდა. მაგრამ, მას შემდეგ, რაც ის დათანხმდა ხელისუფლების შეთავაზებას, მათ ოჯახის წევრებთან ორი პაემანი მოუწყეს.
თუმცა, ადვოკატების თქმით, გაჩუმებაზე დაყოლიების ნაცვლად, გოგაშვილმა ოჯახის წევრებთან შეხვედრისას უთხრა, რომ „აპირებდა ბრძოლას და სიმართლის დამტკიცებას“, რაზეც ოჯახისგან მხარდაჭერა მიიღო.