გენერალურ პროკურატურასთან მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახის წევრები, ადვოკატები და მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ.
ადვოკატ ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, მათი მოთხოვნაა, გადადგეს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე. ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, თუ გვარაკიძე 17 იანვრამდე არ გადადგება, 17-ში, 15:00-ზე გაიმართება მორიგი აქცია, რომელზეც გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე შიმშილობას დაიწყებს. ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, აქციები საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართება. მან ასევე ემიგრანტებს მიმართა, საელჩოებთან გამაფრთხილებელი აქცია გამართონ.
ადვოკატის ეს განცხადება გაიზიარეს გიგა ავალიანის ოჯახის წევრებმაც.
„ვითხოვთ გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის გადადგომას;
17-ში ქალბატონი ეკა დაიწყებს შიმშილობას. ყველა ადამიანი, ერთი დღე ვიშიმშილებთ ყველა, ვისაც მოგვინდება, შეცვლის ძმა… ვიშიმშილებთ სანამ ეს კაცთმოძულე პროკურორი არ მოგვშორდება.
შემდეგი აქცია არის 17-ში. აქცია გაიმართება არა მარტო გენერალურ პროკურატურასთან. დაგვირეკეს ემიგრანტებმა. ვთხოვთ, გამაფრთხილებელი აქცია ჩაატარონ ემიგრანტებმა საელჩოებთან. მთელ საქართველოს მოუწოდებს ეკა კუპატაძე, აქ მოვიდნენ. საქართველოს ყველა ქალაქში გაიმართება აქცია კაცთმოძულე პროკურორის გადადგომის მოთხოვნით.
ხალხმა უნდა გადავაყენოთ და არა პოლიტიკოსებმა, ეს არის სახალხო აქცია… არ გვაინტერესებს პოლიტიკა, გვინდა, შვილმოკლული დედა არ იყოს გამწარებული ამ ქვეყანაში. პროკურორებმა, რომლებიც ჩვენგან იღებს ხელფასს, უნდა დაიცვან საზოგადოების ინტერესები“, – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
„17 იანვრამდე ან გადადგებით, ან არა და მე ვიწყებ უვადო შიმშილობას“, – განაცხადა გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ.
7 იანვარს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომ მზად არის, „ნებისმიერ დროს შეხვდეს გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს და დეტალურად განუმარტოს თითოეული საგამოძიებო მოქმედების და ამ მოქმედებათა საფუძველზე დაკავებული პირების ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების საფუძვლები“. ასევე, უწყების ცნობით, მზად არიან „ახალი მტკიცებულებების და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დაიწყოს სხვა პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა”.
ამ განცხადების შემდეგ ეკა კუპატაძემ განაცხადა, რომ რომ ის მზადაა შეხვდეს მხოლოდ გენერალურ პროკურორს, თუმცა დღეს, მას შემდეგ, რაც სასამართლო პროცესზე საქმის პროკურორი მიხეილ კუპრაშვილი გამოცხადდა, ეკა კუპატაძემ პოზიცია შეიცვალა და გენპროკურორის გადადგომა მოითხოვა.
„ჯერ კიდევ გუშინ ყველგან ვწერდი, რომ შეგხვდებოდით მხოლოდ თქვენ, გენდობოდით მხოლოდ თქვენ და თქვენ მე ყველაზე დიდი შეურაცხყოფა მომაყენეთ. თქვენს სახელზე შემოვიტანე მიხეილ კუპრაშვილის [საქმის პროკურორი] წინააღმდეგ საჩივარი და იქ ეწერა, რომ სწრაფად უნდა განგეხილათ და თქვენ დღეს [პროცესზე] წამოსკუპული დამახვედრეთ ეს პროკურორი, ამიტომ შეგხვდებით კი არა, 17 იანვრამდე ან გადადგებით, ან არა და მე ვიწყებ უვადო შიმშილობას. შემაჩერე, თუ ბიჭი ხარ!
ჩემი დედა-შვილობა უფრო ძლიერია! ვერ გამაჩერებთ! გიგა ავალიანს სიკვდილიც არ დამაშორებს! მე ჩემს შვილს გულიდან არ მოვიწყვეტ, ვერ გამაჩერებთ! არ ჩაატარეთ ეფექტური გამოძიება?! აქ მე ვარ, ჯერ მე უნდა გადამიაროთ, ჯერ გიგას საფლავს უნდა გადაუაროთ! არ არსებობს ადამიანი, ვისაც გიგას საფლავს გადავატარებ! გადადგები გიორგი გვარაკიძე, ან შენ, ან მე!“, – მიმართა გენერალურ პროკურორს გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ.
გიგა ავალიანის ოჯახი მოითხოვს, რომ გამოძიება, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიდის, გადაკვალიფიცირდეს და გაგრძელდეს ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით.
როგორც ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე ამბობს, ოჯახის კიდევ ერთი მოთხოვნაა, დაისაჯოს მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი.
22 დეკემბერს გამართულ აქციაზე პროკურატურის ადმინისტრაციის უფროსი ბიძინა ქუმსიაშვილი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბაია ცანავაც გამოვიდნენ. მათ ოჯახის წევრებს პროკურატურის შენობაში შესვლა შესთავაზეს, თუმცა ოჯახმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
პროკურატურა აცხადებს, რომ უწყება მზად არის, „ნებისმიერ დროს შეხვდეს გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს და დეტალურად განუმარტოს თითოეული საგამოძიებო მოქმედების და ამ მოქმედებათა საფუძველზე დაკავებული პირების ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების საფუძვლები“.
ასევე, უწყების ცნობით, მზად არიან „ახალი მტკიცებულებების და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დაიწყოს სხვა პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა”.
გიგა ავალიანი 2025 წლის 24 ოქტომბერს, 23-დღიანი კომის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.