გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი დარეჯან სულაშვილი განცხადებას ავრცელებს.
როგორც ადვოკატი განმარტავს, გიგა ავალიანის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტის, დ.ჩ-სთვის ბრალის დამძიმებამ ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია და განმარტავს, რატომ არის სახეზე განზრახ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის (სხეულის მძიმე დაზიანება ჯგუფურად) მომზადებაში მონაწილეობა.
„დანაშაულის დაგეგმვა და დანაშაულის მომზადება ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ტერმინია.
გიგა ავალიანის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტის, დ.ჩ-ისთვის ბრალის დამძიმებამ ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია, ვინაიდან არასრულწლოვნის დედა, ქალბატონი სოფო ძნელაძე მისი შვილის მიმართ ბრალს წარმოგვიდგენს ასეთი ფაბულით – დ.ჩ. გაყვა ძმაკაცებს ვიღაცასთან დასალაპარაკებლად 29 სექტემბერს და იმ დროს დანაშაული არ მომხდარა. ამ ჭრილში მისი კითხვა – რატომ უნდა აგოს დ.ჩ-მ პასუხი ჩაუდენელ დანაშაულზე – ვინმეს შესაძლოა ლოგიკურადაც მოეჩვენოს. ამიტომაც, მინდა საზოგადოებას განვუმარტო:
დანაშაულს აქვს სტადიები. მათ შორის მომზადების სტადია (იხ. სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლი).
დანაშაულის მომზადება სისხლის სამართლის ენით ითვლება დაუმთავრებელ დანაშაულად და ნიშნავს დანაშაულის ჩადენისთვის პირობების შექმნას.
გიგა ავალიანის მიმართ დანაშაულის ჩადენისთვის პირობების შექმნაა მასზე 29 სექტემბერს, 30 სექტემბერს და 01 ოქტომბერს ჩასაფრება (დანაშაულის დასრულებამდე).
29 სექტემბერს დ.ჩ. ნამდვილად იმყოფებოდა თემქაზე გიგა ავალიანის სასწავლო ცენტრთან და მის მეგობრებთან ა.გ-სთან და გ.რ-სთან ერთად, რომლებიც გიგა ავალიანის ცენტრიდან გამოსვლას ელოდებოდნენ მასზე თავდასხმის მიზნით (ა.გ-სა გ.რ-ს მიმართ უტყუარად დასტურდებდა, რომ ეს ანგარიშსწორების განზრახვა არსებობდა).
ამდენად, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებაში დ.ჩ-ს მონაწილეობა დასტურდება მისი ჩვენებითაც, გ.რ-სთან მიმოწერითაც და ანძებითაც.
რაც შეეხება იმ ნაწილს, იცოდა თუ არა დ.ჩ-მ, რა დანაშაულის ჩადენას აპირებდნენ გ.რ. და ა.გ, როცა მას 29 სექტემბერს თემქაზე გაყოლა სთხოვეს, ეს ცხადი გახდება სასამართლო პროცესზე შესაბამისი პირების, მათ შორის გ.რ-ს და ა.გ-ს გამოკითხვებით და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით.
მოცემულ მომენტში კი თუ დ.ჩ-სთვის წაყენებული ბრალის კვალიფიკაციას მივყვებით, იშიფრება ასე: განზრახ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის (სხეულის მძიმე დაზიანება ჯგუფურად) მომზადებაში მონაწილეობა, რაც, ზემოთ როგორც უკვე განგიმარტეთ, აშკარად სახეზეა.“ – წერს ადვოკატი.
17 იანვარს გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული დ.ჩ.-ს დედამ, სოფო ძნელაძემ, პროკურატურასთან აქცია გამართა.
არასრულწლოვანს პროკურატურა თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ მას ბრალი დაუმძიმეს და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადების მუხლით წარუდგინეს. სწორედ ამ ფაქტს აპროტესტებს ძნელაძე, და ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა.
„ადამიანს რომელიც შემთხვევის ადგილზე არც კი ყოფილა, ბრალი შეუცვალეს და გვედავებიან რომ ჯგუფურად მოამზადა ორ არასრულწლოვან მეგობართან ერთად დანაშაული.
აი ამ ბრალის შეცვლა არის ამ უსამართლობის ზენიტი, რომელსაც საქართველოს პროკურატურა კონკრეტულად ჩემი ოჯახის მიმართ აპირებს, სამართლებრივი ველი სრულად დატოვებული გაქვთ. თქვენ დაწერეთ ყველაზე სამარცხვინო ბრალი.
დღეს მე მოვედი აქ, შიგნით არ შემომიშვებთ რომ ვიშიმშილო? გარეთ ვიდგები – დღეიდან ეს ადგილი იქნება ჩემი სასაფლაო, მაგრამ ჩემ შვილს არ დაგითმობთ, იმიტომ რომ ჩემი შვილი არის უდანაშაულო. გენერალურო პროკურორო, უსამართლო ადამიანო, თქვენ ახალ გიორგის ზერეკიძეს ძერწავთ, თქვენ გინდათო ჩემი ოჯახი შეწიროთ უდანაშაულოდ.
საქართველოს მთავრობას მივმართავ, პრემიერ-მინისტრს მივმართავ, სასწრაფოდ ვითხოვთ საპარლამენტო კომისიას, რომელიც დეტალურად გამოიძიებს, დეტალურად გაივლის ამ საქმეს. ჩემს შვილთან მიმართებაში თუ დამიდებთ ბრალს და მეტყვით რომ დემეტრეს წვლილი მიუძღვის გიგა ავალიანის სიკვდილში, დასაჯეთ მაშინ”. – ამბობს სოფო ძნელაძე.
გიგა ავალიანის საქმეზე ოთხი არასრულწლოვანია დაკავებული.
- ა.გ.-ს ბრალად ედება გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია;
- გ.რ.-ს ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა მის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული.
ამ ორი ბრალდებულის საქმე სასამართლოში უკვე არსებითი განხილვის ეტაპზეა.
20 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დააკავეს კიდევ ორი არასრულწლოვანი. ორივეს – დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ. ორივეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. წინასასამართლო სხდომამდე პროკურატურა გამოძიებას აგრძელებს.
რა მოხდა ქრონოლოგიურად?
გამოძიების თანახმად, 2025 წლის 1-ელი ოქტომბრის ღამეს, დაახლოებით, 22:15 საათზე, სასწავლო ცენტრიდან გამოსულ 28 წლის გიგა ავალიანს ორი არასრულწლოვანი აედევნა. დაახლოებით 800 მეტრის გავლის შემდეგ ერთ-ერთი მათგანი ფიზიკურად გაუსწორდა (შუბლის არეში დაარტყა მუშტი), მეორე კი ძალადობის ამსახველ სცენას ტელეფონით იღებდა. თავდამსხმელები ადგილიდან მიიმალნენ. უგონო მდგომარეობაში მყოფი გიგა ავალიანი კი მეზობლის ბავშვებმა იპოვეს.
ავალიანი მიღებული ტრავმებით 23-დღიანი კომის შემდეგ 24 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში გიგა ავალიანის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად სახელდება ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით.
რა იყო გიგა ავალიანზე თავდასხმის მოტივი?
გამოძიების თანახმად, თავდასხმის მოტივად მეგობარ გოგონასთან გიგა ავალიანის არასასურველი კომუნიკაცია და ეჭვიანობა სახელდება.
პროფესიით ექიმი გიგა ავალიანი მოსწავლეებს მათემატიკაში ამზადებდა. მასზე თავდამსხმელი სწორედ მისი ერთ-ერთი მოსწავლის, ნ.ი.-ს შეყვარებული იყო. ადვოკატების თქმით, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ნ.ი. თავის შეყვარებულს, ამჟამად უკვე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებულ ა.გ.-ს უყვებოდა, რომ მასწავლებელი მას პირად სივრცეს უზღუდავდა…
რას ამბობს ოჯახი და რა ვერსია აქვს პროკურატურას?
ავალიანის ოჯახი საგამოძიებო უწყებებს არაეფექტურობაში ადანაშაულებს, საქმის სრულყოფილ გამოძიებასა და ყველა დამნაშავის, მათ შორის, ნ.ი.-ს დაკავებას მოითხოვს.
პროკურატურის ვერსიით, გიგა ავალიანი თავში მუშტის ერთი ჩარტყმით გარდაიცვალა. ოჯახი ამ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს და ფიქრობს, რომ მუშტის ჩარტყმა მსგავს დაზიანებას ვერ გამოიწვევდა და სინამდვილეში გიგა ავალიანს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს. ოჯახი ასევე ამბობს, რომ გიგას სხეულზე, ისევე, როგორც თავზე სხვა დაზიანებებიც აღენიშნებოდა, ეს დაზიანებები კი სამედიცინო დასკვნაში ვერ მოხვდა, რაშიც ოჯახი სამედიცინო პერსონალს ადანაშაულებს.
ოჯახი ასევე მიუთითებს გამოძიების დროს მტკიცებულებების მოპოვებისას სხვადასხვა პროცედურულ თუ სხვა სახის დარღვევაზე.
გიგა ავალიანის ოჯახი მოითხოვს, რომ საქმე ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდეს (სსსკ 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი).