„გიგა სოფრომაძის გათავისუფლება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა“ - საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირი

პუბლიკა

,,საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი  პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ განცხადებით ეხმაურება თბილისის მერიაში დასაქმებული გიგა სოფრომაძის გათავისუფლების საკითხს.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, ის წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის მერიაში და მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია, რათა დედაქალაქის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებში გათვალისწინებული ყოფილიყო შშმ პირთა ინტერესები, ადაპტირებული ყოფილიყო ტრანსპორტი და საგზაო ინფრასტრუქტურა ამ ადამიანებისთვის.

მისი გათავისუფლების ბრძანებას წინ უძღვოდა რამდენიმე საგულისხმო ფაქტი: გიგა სოფრომაძემ გუშინ სხვა თანადამფუძნებლებთან ერთად მიმართა იუსტიციის სახლს „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის“ რეგისტრაციაში გატარების მიზნით, რომლის თანათავმჯდომარეცაა. ის ასევე არის თბილისის მერიის იმ თანამშრომლებს შორის, რომლებმაც ხელი მოაწერეს საქართველოს კონსტიტუციისა და ევროინტეგრაციის მხარდამჭერ განცხადებას. გარდა ამისა, გიგა ბოლო წლებში, ღიად აფიქსირებდა საკუთარ აზრს „გამჭვირვალობის კანონთან“ და სხვა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით“,- ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული ფაქტების გათვალისიწნებით, ფიქრობენ, რომ გიგა სოფრომაძის გათავისუფლება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.

„და პირდაპირი დარტყმა ჩვენს ორგანიზაციაზე, ჯერ კიდევ მისი რეგისტრაციის დასრულებამდე, ასევე ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში დასაქმებულთა დაშინებას.

ეს გადაწყვეტილება  პასუხგაუცემელი არ დარჩება და ჩვენი ერთობა ბოლომდე იბრძოლებს მისი ინტერესების დასაცავად, კანონით გათვალისწინებული ყველა ფორმით.

ამავდროულად, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ სოლიდარულნი ვიქნებით ყველა იმ პირის მიმართ, ვინც  დარტყმის სამიზნეა და დავიცავთ ჩვენი კოლეგების ინტერესებს, ვინც განუხრელი პატიოსნებით შრომობს ჩვენი ქვეყნის ინტერესების რეალიზებისთვის“,- ნათვქამია განცხადებაში.

გიგა სოფრომაძე, რომელიც თბილისის მერიის შშმ პირთა პროგრამების კოორდინატორის პოსტზე მუშაობდა, სოციალურ ქსელში წერს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ის აქვეყნებს დოკუმენტებს, რომელთაგანაც ირკვევა, რომ სოფრომაძესთან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე კახა კალაძეს საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა მიმართა. მიმართვის საფუძვლად წერია, რომ სოფრომაძის შტატგარეშე პოზიცია საჭირო აღარაა, რადგან ჯანდაცვის ყველა პროგრამას ჰყავს კოორდინატორი.

„პუბლიკა“ დამატებითი შეკითხვებით მერიის პრესსამსახურთან დაკავშირებას ცდილობს.

გიგა სოფრომაძე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა, თავისი პოზიცია საჯაროდ არაერთხელ გამოხატა და შეუერთდა საჯარო მოხელეების საპროტესტო გამოსვლებსაც. სოფრომაძე „ოცნებას“ რუსული კანონის პერიოდშიც აკრიტიკებდა.

მერიის თანამშრომლების კრიტიკული განცხადებების შემდეგ კახა კალაძემ განაცხადა, რომ მათი ეს ქმედება უპასუხოდ არ დარჩებოდა. ამ კონტექსტში ახსენა კალაძემ რეორგანიზაციაც.