გიგაურისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ორგანიზაციას ხმის პარალელური დათვლა არ ჩაუტარებია – კობახიძე

პუბლიკა

„შედგა კომუნიკაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელთან, ეკა გიგაურთან, რომლისგანაც მივიღეთ ამომწურავი ინფორმაცია ორგანიზაციის საარჩევნო აქტივობებთან დაკავშირებით. მათ შორის, მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ხმის პარალელური დათვლა, ანუ PVT არ ჩაუტარებია“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, ორგანიზაცია აკვირდებოდა საარჩევნო პროცედურებსა და ხმის დათვლის პროცესს რამდენიმე ასეულ უბანზე, სადაც წარგზავნილი ჰყავდა საკუთარი დამკვირვებლები.

„მოხარული ვართ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელთ არსებული მონაცემები დაემთხვა ცესკოს შესაბამის მონაცემებს. ჩვენ მივესალმებით ორგანიზაციის ღიაობას და მადლობას ვუხდით მის ხელმძღვანელს მოწოდებული ინფორმაციისთვის. ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მწუხარებას იმის გამო, რომ „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მისიას, რითაც უმძიმესი ზიანი მიაყენა ორგანიზაციის იმიჯსა და რეპუტაციას და ნებსით თუ უნებლიეთ ხელი შეუწყო რადიკალური ოპოზიციის მიერ ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის შექმნას ქვეყანაში“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი, ყოველდღიური განცხადებებითა და მცდარი ინფორმაციის გავრცელებით, თავისი ორგანიზაციის დისკრედიტაციას ეწევა.

კობახიძის ბრიფინგს გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური. „მთავარ არხთან“ საუბრისას მან განმარტა, რომ PVT „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ არ ჩაუტარებია:

„ამიტომ სანამ ბრიფინგებს მოაწყობენ მაღალჩინოსნები, რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია უნდა გადაამოწმონ, რაც შეეხება ჩვენს სადამკვირვებლო მისიას, ყველამ ვიცით და ბრიფინგებიც გვქონდა ამასთან დაკავშირებით, რომ გვყავდა დაახლოებით 450 სატატისტიკური მაკვირვებელი საარჩევნო უბნებზე, და ამ საარჩევნო უბნებიდან ვაგროვებდით ინფორმაციას.

არც რამე დასამალი გვაქვს, არც რამე შიშები გავაქვს ამასთან დაკავშირებით და არც გვგონია, რომ ასეთი ტიპის პრეტენზიები ჩვენს მიმართ უნდა გაჟღერდეს“,- ამბობს გიგაური.


„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე მისი და ლაშა ნაცვლიშვილის მიმოწერა განმარტა და თქვა, რომ საქმე არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობას” ეხებოდა. საუბარია „მთავარი არხის” კამერით  პარლამენტის პირველი სხდომის დღეს გადაღებულ კადრებზე, რომელზეც, არხის ინფორმაციით, ნაჩვენებია კობახიძისა და ლაშა ნაცვლიშვილის მიმოწერის კადრები.

„ლაშა ნაცვლიშვილი პიარის მიმართულებას ხელმძღვანელობს პარტიაში და ჩვენ გვაქვს, ბუნებრივია, მუდმივი კომუნიკაცია. რაც შეეხება მიმოწერას, იქ ერთი სიტყვა მოგება არის შეცდომით, „არ მოგვცემენ” ეწერა. დარტყმაზეც იყო საუბარი, დარტყმა სწორი, მაგრამ „მოგება“ არასწორია. ლაშა ნაცვლიშვილს ერთ-ერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ PVT ჩატარებული ჰქონდა „საერთაშორისო გამჭირვალობასაც”, ეკა გიგაურსაც, 400 საარჩევნო უბანზე. ამ PVT–ს თანახმად, ზუსტად აჯდებოდა ეს მონაცემები ცესკოს მონაცემებს და, სამწუხაროდ, ამ მონაცემებს მალავდა ეკა გიგაური“,- განაცხადა დღეს კობახიძემ.