გიგი უგულავა სასამართლო დარბაზიდან გააძევეს

პუბლიკა

გიგი უგულავა სასამართლო დარბაზიდან გააძევეს. იგი სასამართლო პროცესზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დასწრებას მოითხოვდა.

უგულავა „7 ნოემბრის საქმის“ ერთ-ერთი ბრალდებულია. მოსამართლის განმარტებით, მან სასამართლოს შეურაცხყოფა მიაყენა.

„იმიტომ [გამომაძევეს], რომ ეს არ არის სასამართლო პროცესი. ადამიანს სასამართლოზე მოყვანაზე უარს ეუბნებიან; სატელეფონო ზარზე, რაც კანონით გათვალისწინებულია, ეუბნებიან უარს; ადამიანს ეუბნებიან, რომ… არ ვიცი, ყველაფერზე უარს ეუბნებიან – არც შენი ხმა ისმოდეს, არც შენი ვიზუალი გამოჩნდეს. სასამართლო არის ჩვეულებრივი „ტროიკა“ 1937 წლის… რა თქმა უნდა, პოლიტიკური დაკვეთაა, რადგან შესციცინებდნენ პროკურორ ჯარჯის, რასაც ის იტყოდა, იმას მერე ლამაზად აფორმებდნენ. სამარცხვინო და გულისამრევია. ეს არ არის სასამართლო, ეს არის „ტროიკა“, – განაცხადა გიგი უგულავამ სასამართლო პროცესიდან გამოძევების შემდეგ.


დღეს, 10 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის აქციის დაშლის ეპიზოდზე მიმდინარეობს.

აღნიშნულ საქმეზე, სააკაშვილის გარდა, ბრალდებულია გიგი უგულავა და ვანო მერაბიშვილი.

დღევანდელი სასამართლო სხდომის დაწყებამდე პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში ეტაპირება არ იგეგმება, რადგან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან იგეგმებოდა გარკვეული დესტრუქციული ხასიათის ქმედებები, რაც ხელს შეუშლიდა ეტაპირების პროცესს.

მიხეილ სააკაშვილი ამ საქმეზე ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია).

ასევე, 333-ე მუხლის მეორე ნაწილით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, სახელმწიფოსა და საზოგადოების კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია). სასჯელი 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.