„გიგი უგულავას საქციელს ვერაფრით გავამართლებ" - სეერგენკო

პუბლიკა

გიგი უგულავას საქციელს ვერაფრით გავამართლებ. იზოლაციის პერიოდის გავლამდე არ შეიძლება, ირგვლივ მყოფებს ასეთი რისკი შეუქმნა, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ.

სერგეენკოს თქმით, ამ ფაქტს სპეციალური სამსახურები შეისწავლიან.

„ამ საკითხით თამაში არაფრით შეიძლება. ჯანმრთელობა პოლიტიკასა და იმიჯის შექმნას არ უნდა შესწირო, ეს არ უნდა დადო საპირწონედ. ეს არაფრით და არაფრის ფასად არ შეიძლება, სანამ იზოლაციის პერიოდი არ გაქვს გავლილი. არ შეიძლება, ირგვლივ მყოფ ადამიანებს ასეთი რისკი შეუქმნა და ამ საქციელს ვერაფრით გავამართლებ. დადგენილია წესები, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როცა კოვიდინფექცია აქვს, ამის დარღვევა არაფრით შეიძლება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

გიგი უგულავას  7 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა. გიგი უგულავამ მადლობა გადაუხადა ექიმებს, რომ აქციაზე მისვლის საშუალება მისცეს. ამ საკითხს ის ასევე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში.

“სიმპტომები აღარ მაქვს, აღარც გადამდები ვარ, სწრაფმა ტესტმაც უარყოფითი აჩვენა და ექიმთან კოსულტაციის შემდეგ გადავწყვიტე ვყოფილიყავი აქციაზე, ხალხთან ერთად. ქოც ტროლ-ბოტ-პროპაგანდონების საყურადღებოდ: ასე აღტკინებული მაშინ რომ ყოფილიყავით როცა აცრის მოწოდების ბანერების ნაცვლად სისხლიან ბანერებს კიდებდა მთავრობა, აშკარად უკეთესი ეპიდ სურათი გვექნებოდა. სასაკლაო მოაწყო ღარიბაშვილმა ქვეყანაში, რომ ანტივაქსერი ქოც ამომრჩეველი არ გაენაწყენებინა. სამარცხვინო ხართ და ამორალურები.
მე კი მოგიწოდებთ, მეგობრებო, ავიცრათ. სწორედ აცრის გამო გადავიტანე კოვიდი იოლად და არც გარშემო არავის გადავდე, რადგან ყველა აცრილი იყო. აიცერით! აიცერით! აიცერით!” – წერს უგულავა.