საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება გიგი უგულავას მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული საქმე იმ საფრთხეების მატერიალიზაციას წარმოადგენს, რომლის გამოც სახალხო დამცველი მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითხოვდა.
2020 წლის 10 თებერვალს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ შეცვალა პირველი და მეორე ინსტანციების მიერ დადგენილი განაჩენი და პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერს გიგი უგულავას საბოლოო სასჯელის სახით 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა დაუნიშნა.
კოლეგიას თავმჯდომარეობდა შალვა თადუმაძე – უზენაესი სასამართლოს ახალდანიშნული მოსამართლე, რომელიც აღნიშნული საქმის მეორე ინსტანციაში განხილვისას, ასევე, პროკურატურის მიერ საქმის საკასაციო სასამართლოში გასაჩივრების დროს გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა.
ომბუდსმენის შეფასებით, შალვა თადუმაძე აღნიშნულ საქმეზე სასამართლოში პროკურორად არ გამოდიოდა პირადად, თუმცა ეს ვერ გამოდგება არსებული კონტექსტის უგულებელსაყოფად – საქართველოს პროკურატურაში დადგენილია მკაცრად ვერტიკალური დაქვემდებარების სისტემა, სადაც ყველა ქვემდგომი პროკურორი ვალდებულია, ზემდგომი პროკურორის მითითება შეასრულოს, ხოლო პროკურატურის ყველა თანამშრომელი გენერალურ პროკურორს ემორჩილება.
სახალხო დამცველი ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, სასამართლოს მოსამართლის პირადი დამოკიდებულება და ქცევა უნდა ქმნიდეს საზოგადოებაში მისი მიუკერძოებლობის განცდას. მოსამართლემ, რომლის მიკერძოებულობის მიმართაც აშკარა ეჭვი ჩნდება, საქმის განხილვაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.
„გიგი უგულავას საქმიდან იკვეთება ხარვეზები როგორც მოსამართლის მიუკერძოებლობის, ისე – კანონის საფუძველზე დანიშნული მოსამართლის საკითხთან დაკავშირებით. საგულისხმოა, რომ საქმეში, სადაც მსგავსი შინაარსის, კერძოდ, მოსამართლის დანიშვნის პროცედურებთან დაკავშირებით ხარვეზები იკვეთებოდა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატამ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა უკვე დაადგინა, “- ამბობს სახალხო დამცველი.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ თუკი აღნიშნული საქმის შემდგომი განხილვა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგრძელდება, მას უაღრესად დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს არა მხოლოდ კონკრეტულად გიგი უგულავას საქმის, არამედ მთლიანად, ქართული მართლმსაჯულებისთვის.