გიგი უგულავას სასამართლომ ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა

პუბლიკა

პოლიტიკოს გიგი უგულავას, რომელიც 29 ნოემბერს საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დააკავეს, მოსამართლემ დააკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

გიგი უგულავა იმ დროს დააკავეს, როდესაც აქციის მონაწილეებმა აღმაშენებლის ხეივანში გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს.

29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე, ჯამში 15 მოქალაქე დააკავეს. სისხლის სამართლის კოდექსითაა დაკავებული ბესიკ თამლიანი.

„თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, უკრაინის მოქალაქის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით მიმდინარე სასამართლო პროცესის პარალელურად გამართული საპროტესტო აქცია გასცდა მშვიდობიანი შეკრების კანონით დასაშვებ ნორმებს. აქციის იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და მათ ძალადობრივი მეთოდებით წინააღმდეგობა გაუწიეს, სამართალდამცველებმა, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.

სასამართლოს შენობის და ეზოს მიმდებარე ტერიტორიიდან შეკრებილებმა მოგვიანებით გადაინაცვლეს აღმაშენებლის ხეივანში და გზის სავალი ნაწილი უკანონოდ გადაკეტეს.

სამართალდამცველთა არაერთი მოწოდების მიუხედავად, გაეხსნათ გზის სავალი ნაწილი, აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები არ დაემორჩილნენ პოლიციის მითითებებს”, – განაცხადა შსს-მ 29 ნოემბერს.