„ჩვენს ეპარქიაში კატეგორიულად გიკრძალავთ მათ ზიარებას”, – ამის შესახებ სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი იმ პოლიტიკური პარტიების წევრების ზიარებაზე აცხადებს, რომელთაც ხელი მოაწერეს ლგბტ უფლებების შესახებ შეთანხმებას.
„მათი ზიარება არ შეიძლება. იმიტომ, რომ ჰომოჰექსუალიზმი რეალიგიაა ფაქტიურად დღეს. სატანის რელიგიაა და მათი მხარდამჭერები არიან სატანის თაყვანისმცემლები. ამიტომ მე ღვთისგან მოცემული ძალაუფლებით, დედა ეკლესიისგან მოცემული ძალაუფლებით, ჩვენს ეპარქიაში კატეგორიულად გიკრძალავთ, იმათ ზიარებას, ვინც არიან იმ პარტიის წევრები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ჰომოსექსუალისტებთან კავშირს. მათ უნდა შეინანონ, უნდა გამოვიდნენ იმ პარტიიდან, იმ პარტიამ უნდა შეინანოს და დიდი სინანულის შემდეგ შეიძლება მაგათი ზიარება”, – ამბობს მთავარეპისკოპოსი სპირიდონი. [სტილი დაცულია]
მაისში 15-მა პოლიტიკურმა პარტიამ ლგბტ უფლებების შესახებ საერთო შეთანხმებას მოაწერა ხელი.
„ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად, მოხარულები ვართ, რომ 15 პოლიტიკურ პარტიას აღმოაჩნდა მზაობა, სიმბოლური, თუმცა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური განაცხადის გასაკეთებლად.
ჰომოფობია არის ფართო საზოგადოებრივი გამოწვევა, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსები იდგნენ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სადარაჯოზე”, – აცხადებდა „თბილისი პრაიდი”.